ბარაქ ობამამ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების ბრძანებას ხელი მოაწერა

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებაზე ბრძანებას მოაწერა ხელი.

როგორც "ბიბისი" თეთრი სახლის წარმომადგენელ ჯოშ ერნესტის განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება, ვაშინგტონმა სანქციების დაწესების გადაწყვეტილება ფხენიანის მიერ ბალისტიკური რაკეტების გამოცდის საპასუხოდ მიიღო.

ამერიკული მხარის ცნობით, სანქციები მკაცრი იქნება, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, თუ კონკრეტულად რა ზომებზეა საუბარი.

"აშშ და მსოფლიო საზოგადოება არ მოითმენენ ჩრდილოეთ კორეის დანაშაულებრივ ქმედებებს, რომელიც ბირთვული და ბალისტიკური რაკეტების გამოცდას უკავშირდება. სანქციების დაწესებას იქამდე გავაგრძელებთ, სანამ ჩრდილოეთ კორეა საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას არ დაიწყებს", - აღნიშნა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.