საქართველოში გლობალური ფულის კვირეული აღინიშნება

საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებითა და მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ჩართულობით, გლობალური ფულის კვირეული საქართველოში წელს მესამედ აღინიშნება.

როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, ფულის კვირეული მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ყოველწლიურად, მარტის მეორე კვირაში იმართება, რომლის მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდა თაობის ჩართულობას ფულის დაზოგვის, ეკონომიკური სისტემის ცვლილებისა და ფინანსური მომავლის შესახებ დისკუსიაში. ასევე, დაეხმაროს მათ ფინანსური შესაძლებლობების გაძლიერებაში. წლევანდელი კვირეულის დევიზია "მიიღე მონაწილეობა. დაზოგე ჭკვიანურად!" - "Take Part. Save Smart!"

ფულის კვირეულის ფარგლებში მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ორგანიზებით, ჩატარდა ხატვის, ფოტოგრაფიისა და ესსეების კონკურსი თემაზე "მიიღე მონაწილეობა. დაზოგე ჭკვიანურად!" - "Take Part. Save Smart!" საუკეთესო ნაშრომების ავტორებს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ყვარელში, ფულის მუზეუმში უმასპინძლა.

ფულის მუზეუმში მოსწავლეებმა მოისმინეს ლექცია ეროვნული ბანკის ისტორიის, მისი მისიისა და ფუნქციების, კომერციული ბანკების როლისა და საქმიანობის შესახებ. ასევე, გაეცნენ ფულის ისტორიას და გლობალური ფულის კვირეულის ფარგლებში მიიღეს ინფორმაცია დაზოგვის კულტურის შესახებ.

"გლობალური ფულის კვირეული გასულ წელს 124 ქვეყნის 900-ზე მეტმა ორგანიზაციამ აღნიშნა და ხუთ მილიონზე მეტი ბავშვი და ახალგაზრდა იყო ჩართული სხვადასხვა სახის ღონისძიებებში. ვფიქრობთ, გლობალური ფულის კვირეულის ყოველწლიურად აღნიშვნა საშუალებას მოგვცემს, უფრო მეტ ბავშვსა და ახალგაზრდას მივაწოდოთ ინფორმაცია ფულისა და დაზოგვის კულტურის, ასევე პირადი ფინანსების მართვის მნიშვნელობის შესახებ, რაც ფინანსური განათლების დონის ამაღლებისა და ფინანსური ჩართულობის ერთ-ერთი წინაპირობაა", - განაცხადა ეროვნული ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი მელაშვილმა.

ფულის კვირეულის ფარგლებში ასევე, "ფინკა ბანკი" საგანმანათლებლო აქტივობების განხორციელებას გეგმავს.