ლანჩხუთში ტყის სანერგე მეურნეობა გაშენდება

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სწრაფად მზარდი ტყის სანერგე მეურნეობა გაშენდება, რისთვისაც 2.5 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აცხადებენ, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ კომპანია შპს "ე.ჯ.სი. ჯორჯიანს" 329,74 ჰა მიწის ნაკვეთები სარგებლობის უფლებით 25 წლის ვადით გადასცა.

კომპანია მაღალტექნოლოგიური, ხის გადამამუშავებელი ინოვაციური ქარხნის აშენებას გეგმავს, რომელიც სპეციალური ტექნოლოგიებითა და ეკოლოგიურად სუფთა დანამატებით ე.წ. ხის "გრანულებს" აწარმოებს. კომპანიის განცხადებით, აღნიშნული ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი ფართოდ გამოიყენება ევროპის ისეთი ქვეყნების ენერგომომარაგების სისტემაში, როგორებიცაა გერმანია, იტალია, ჰოლანდია, დანია, შვედეთი, ნორვეგია.

პროექტის ფარგლებში 42 ადამიანი დასაქმდება.

შპს "ე.ჯ.სი. ჯორჯიანი" უკვე მეორე წელია, საქართველოში ზემოაღნიშნული პროექტის განხორციელების შესაძლებლობების შესწავლითაა დაკავებული. კომპანიამ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გრუნტის ანალიზები ჩაატარა, შეისწავლა კლიმატური პირობები, მიწის ბაზარი და შრომითი რესურსები.

ინვესტორები სამომავლოდ პროექტის გაფართოებას და ჯამში 100-120 მილიონი ევროს ინვესტიციას გეგმავენ, რის ფარგლებშიც არსებული ტყეების რეაბილიტაცია-რეპროდუქცია, სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი მიწების გაწმენდა და ქარდამცავი ზოლების შექმნა-რეაბილიტაცია განხორციელდება.