ტექნოპარკში The Economist-ის წლიური ჟურნალის "მსოფლიო 2016"-ის ქართულენოვანი გამოცემის პრეზენტაცია გაიმართება

ტექნოპარკში, დღეს The Economist-ის ყოველწლიური ჟურნალის "მსოფლიო 2016"-ის ქართულენოვანი გამოცემის პრეზენტაცია და კონფერენცია სახელწოდებით - "საქართველო და მსოფლიო 2016 წელს" გაიმართება.

ღონისძიების ორგანიზატორია The Economist-ის ყოველწლიური ჟურნალის "მსოფლიო 2016"-ის ქართულენოვანი გამოცემის რედაქცია "ჯორჯია თუდეი ჯგუფი".

"ვფიქრობთ, სამუშაო გარემოში აქტუალურ საკითხებზე მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნესისა და საექსპერტო წრეების ერთობლივი ანალიტიკური კონფერენცია საინტერესო ფორმატია, რაც საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევებისა და მისი მომავალი განვითარების პერსპექტივის გლობალურ კონტექსტში გააზრებაში და როგორც მთავრობის, ისე კერძო სექტორის ეფექტური მუშაობისთვის ახალი იდეების გენერირებაში დაგვეხმარება", - განაცხადა The Economist-ის წლიური ჟურნალის "მსოფლიო 2016"-ის გამომცემელმა გიორგი შარაშიძემ.

ღონისძიებას სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ექსპერტები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან და შესაბამის პანელებზე სიტყვით გამოვლენ.