"დანკინ დონატსის" კიდევ ერთი რესტორანი გაიხსნა

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, "ვისოლის" ავტოგასამართ სადგურზე, ბაქტერიოფაგის მიმდებარედ, "დანკინ დონატსის" კიდევ ერთი რესტორანი გაიხსნა.

"დანკინ დონატსის" ახალი რესტორნის გახსნას "ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე, "ვისოლის" გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა და სხვა პირები ესწრებოდნენ.

სოსო ფხაკაძის თქმით, ადგილზე მათ ავტომანქანების დიდი სამრეცხაო აქვთ და სანამ მანქანა გაირეცხება, მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, დრო კომფორტულ გარემოში გაატაროს.

როგორც "ვისოლ ჯგუფში" აცხადებენ, "ვისოლის" ავტოსამრეცხაოზე მისულ მომხმარებლებს "დანკინ დონატსი" ექსკლუზიურად, ერთი თვის მანძილზე ყველაზე მაღალი ხარისხის, იტალიური ესპრესოს მარცვლებზე დამზადებული ყავით, "ამერიკანოთი" უფასოდ უმასპინძლებს.

"უახლოეს დღეებში "დანკინ დონატსის" კიდევ ერთი რესტორანი გაიხსნება. 18 რესტორანი აქვს "დანკინ დონატს" საქართველოში და ერთ წელიწადში გახდა ბრენდირებული რესტორნების ყველაზე დიდი ქსელი. ძალიან დიდი მადლობა მომხმარებლებს. რომლებიც ყოველდღიურად მოდიან, გვაფასებენ და სხვადასხვა სახის პროდუქტებს ყიდულობენ ჩვენს რესტორნებში", - განაცხადა ფხაკაძემ.

მისივე თქმით, 22 მარტიდან "დანკინ დონატსის" ყველა რესტორანში შეაქვთ კომბო მენიუ.

"ეს არის ძალიან დიდი სიურპრიზი. ეს იქნება ოთხი პროდუქტისგან შემდგარი 17 მენიუ, სადაც გაცილებით იაფად, ვიდრე ამ პროდუქტების ცალკე შესყიდვის შემთხვევაში, ჩვენი მომხმარებლები შეძლებენ შეისყიდონ, დააგემოვნონ ყოველდღიურად ახალი, "სმარტის" მიერ მოწოდებული უგემრიელესი პროდუქტები. ეს არის როგორც ქართული პროდუქტები, ხაჭაპური, ლობიანი და ასე შემდეგ, ასევე არის სენდვიჩები, ბურგერები და სხვა", - აღნიშნა სოსო ფხაკაძემ.

კომბო მენიუებში შედის ნებისმიერი პროდუქტი, კარტოფილი, გამაგრილებელი სასმელი და კეჩუპი.

"ვისოლ ჯგუფი" "დანკინ დონატსის" კიდევ ერთ რესტორანს ყაზბეგის გამზირ.#30-ში გახსნის. "დანკინ დონატსი" ამერიკის ერთ-ერთი წარმატებული ბრენდია, რომელიც 65 წელია არსებობს და მსოფლიოს 40 ქვეყანაშია წარმოდგენილი.