კომპანია Green Village გურიაში მინიმუმ 3,5 მილიონი ლარის ღირებულების ინვესტიციას განახორციელებს

კომპანია Green Village გურიაში მინიმუმ 3,5 მილიონი ლარის ღირებულების ინვესტიციას განახორციელებს. როგორც გურიის გუბერნატორის პრესსამდივნოში აცხადებენ, ამ საკითხთან დაკავშირებით გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე Global UNI Group-ის დამფუძნებელს ლაშა ჟვანიასა და კომპანიის გენერალურ დირექტორს დავით ალექსიძეს შეხვდა.

"მინდა მადლობა გადავუხადო Global UNI Group-ის წარმომადგენლებს დღევანდელი შეხვედრისთვის. ჩვენ შევთანხმდით ურთიერთთანამშრომლობაზე და კომპანიას პროექტის წარმატებით განხორციელების საქმეში სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ. რეგიონში ინვესტიციების განხორციელებისთვის ყველანაირი პირობა არსებობს. მსგავსი სახის პროექტები გურიაში ეკონომიკურ მდგომარეობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს", - აღნიშნა გია სალუქვაძემ.

კომპანია Green Village 2011 წელს ჩამოყალიბდა და მისი საქმიანობის ძირითად მიმართულებას ეთერზეთოვანი კულტურების მოყვანა და წარმოება წარმოადგენს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, აღნიშნული კომპანია გურიაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 272 ჰა მიწის ფართობზე, ეთერზეთოვანი ციტრუსების გადამამუშავებელი საწარმოს აშენებას გეგმავს. კერძოდ, 60 ჰა - ბერგამუტი (ციტრუს ბერგამია), 60 ჰა - ბიგარადია (ბიგარადე ორანგე), ხოლო დარჩენილ ფართობზე სხვა ეთერზეთოვანი კულტურების დარგვასა (მაგ: ზამბახი, ჟასმინი, ევკალიპტი, კამელია, დაფნა) და საცდელი მეურნეობის გაშენებას, სადაც ახალი ჯიშების გამოყვანა მოხდება. ჯამში ტერიტორიაზე დაახლოებით 150 000 ძირზე მეტი უნდა განთავსდეს. რეგიონში მიღებული ნედლეულიდან ეთერზეთის მიღება გადამამუშავებელ საწარმოში მოხდება, რომელიც ქობულეთში კომპანიის საკუთრებაში არსებული ყოფილი პურის ქარხნის "აჭარპურიის" ტერიტორიაზე განთავსდება. კომპანიის მიერ ამ პროექტის განხორციელებისათვის საპროგნოზო ინვესტიცია მინიმუმ 3,5 მილიონ ლარს შეადგენს, რომელიც უნდა მოხმარდეს სანერგე მასალის შეძენას, ნერგების დამზადებას, ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის გამართვას, ნერგების დარგვას, დანადგარების შეძენას, გადამამუშავებელი საწარმოს, ლაბორატორიისა და საოფისე ნაგებობების სამშენებლო სამუშაოებს. პროექტის განხორციელების შედეგად კომპანიაში დამატებით 45 ადამიანი დასაქმდება (30 გურიაში და 15 ქობულეთში). ხოლო მოსავლის დაკრეფის პერიოდში დამატებით 400 ადამიანი.