ელექტრომომარაგების წყვეტების მაჩვენებლების მონიტორინგი მკაცრდება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ელექტრომომარაგების წყვეტების მაჩვენებლების ხარისხის სტანდარტები განსაზღვრა.

"ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატის მიერ გაწეული მომსახურების კომერციული ხარისხის წესებში" განხორციელებული ცვლილებების თანახმად, ელექტროენერგიის გამანაწილებელ კომპანიებს მომხმარებელთა ელექტრომომარაგების საიმედოობის წლიური მაჩვენებლების შენარჩუნება ან დაბალი მაჩვენებლის შემთხვევაში მისი გაუმჯობესება დაევალათ.

ამასთანავე, კომპანია ვალდებულია არ გააუარესოს ელექტრომომარაგების საიმედოობის მაჩვენებლები წინა წლის მაჩვენებლებთან შედარებით. სტანდარტის დარღვევის შემთხვევაში, კომპანია დაჯარიმდება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ", - ნათქვამია სემეკის განცხადებაში.

მათივე განმარტებით, მომხმარებელთა ელექტრომომარაგების საიმედოობის მაჩვენებლები - ელექტრომომარაგების წყვეტების მაჩვენებლები, შედგება ელექტრომომარაგების გამორთვების საშუალო ხანგრძლივობის ინდექსის (SAIDI), ელექტრომომარაგების გამორთვების საშუალო სიხშირის ინდექსისა (SAIFI) და მიუწოდებელი ელექტროენერგიის რაოდენობის ინდექსისგან (ENS).

ინდექსები განსაზღვრულია "ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატის მიერ მომხმარებელთა ელექტრომომარაგების საიმედოობის მაჩვენებელთა მონიტორინგის ინსტრუქციის" დამტკიცების შესახებ კომისიის 2009 წლის 4 ივნისის N9 დადგენილებით."