„ტოიოტა“ Scion-ის ბრენდით ავტომობილებს აღარ გამოუშვებს

იაპონური ავტომწარმოებელი „ტოიოტა“ ბრენდ Scion-ის ქვეშ ავტომობილების წარმოებას მიმდინარე წლის აგვისტოდან შეაჩერებს.

კომპანიის ვიცე-პრეიზდენტის ბობ კარტერის თქმით, ავტომობილების გამოშვება გაგრძელდება, თუმცა ისინი „ტოიოტას“ მარკის ქვეშ გამოვა.

„ჩვენ მხოლოდ ბრენდსა და ლოგოტიპს ვცვლით“, - განაცხადა ბობ კარტერმა.

მისივე თქმით, მყიდველთ უმრავლესობა Scion-ს «ტოიოტასთან“ შედარებით, ნაკლებად პრესტიჟულ ბრენდად მიიჩნევდა, რის გამოც კომპანიამ ზემოხსენებული გადაწყვეტილება მიიღო.

ავტომობილების საშუალო ფასი 22 ათასი დოლარია. Scion ამერიკულ ბაზარზე 2002 წელს გამოჩნდა, როგორც ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი ავტომობილი. ამ ხნის განმავლობაში მსოფლიოს მასშტაბით Scion-ის 1 მილიონზე მეტი ავტომობილი გაიყიდა.