თბილისში მეფუტკრეობის კოოპერატივების პირველი ფორუმი გაიმართა

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის ENPARD-ის ფარგლებში, სასტუმროში "ჰოლიდეი ინ"-ში, მეფუტკრეობის კოოპერატივების პირველი ფორუმი გაიმართა. ფორუმი ENPARD-ის პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაციების ინიციატივით გაიმართა.

როგორც "ოქსფამში" აცხადებენ, აღნიშნული ფორუმით შედგა ერთგვარი საკოორდინაციო პლატფორმა, სადაც მეფუტკრეობის კოოპერატივებს და სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებს შესაძლებლობა მიეცათ, განეხილათ დარგში არსებული სირთულეები და გამოწვევები. ასევე, დაესახათ პრობლემების გადაჭრისა და თანამშრომლობის გზები. ფორუმის მიზანს მეფუტკრეობის კოოპერატივებს, კერძო სექტორსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება წარმოადგენდა.

ევროკავშირის წარმომადგენელმა მატი ლამპიმ მისასალმებელ სიტყვაში ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მეფუტკრეობის დარგის წარმატება დიდად არის დამოკიდებული მეფუტკრეთა კოოპერაციაზე, რადგან გაერთიანების გარეშე მეფუტკრეები ვერ შეძლებენ საერთაშორისო ბაზრებზე ადგილის დამკვიდრებას. მატი ლამპის თქმით, ქართული თაფლის საერთაშორისო აღიარებისათვის აუცილებელია საქართველოს კანონმდებლობის ევროპულ საკანონმდებლო ბაზასთან ჰარმონიზაცია კოოპერატორების დარეგისტრირება და მონიტორინგის გეგმის შემუშავება. ამ სამი ფაქტორის განხორციელების შემდგომ ევროკავშირი განიხილავს ქართული თაფლის ევროპის ბაზარზე დაშვების საკითხს.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია მეფუტკრეთა მიმართ განხორციელებული სახელმწიფო ხელშეწყობის პროგრამის მიმდინარეობის შესახებ. მან აღნიშნა, რომ მეფუტკრეთა ძალიან მცირე ნაწილს აქვს წაკითხული თაფლის ტექნიკური რეგლამენტი და საჭიროა ამ კუთხით მეფუტკრეთა ცნობიერების ამაღლება. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, დონორი ორგანიზაციების დახმრებით, დაგეგმილია მიმდინარე წლის შემოდგომაზე მეფუტკრეებისთვის ტრენინგების გამართვა.

ფორუმის ფარგლებში, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიამ, შპს. მეთაფლიამ, საქართველოს პროფესიონალ მეფუტკრეთა ასოციაციამ, კოოპერატივმა საჩინომ დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს პრეზენტაციები და უპასუხეს შეკითხვებს. დამსწრეებს კანონმდებლობით აკრძალული მედიკამენტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის წარმომადგენლმა და აღნიშნა, რომ სწორედ აღნიშნული მედიკამენტების ნარჩენები თაფლში არის ევროპულ ბაზარზე თაფლის არდაშვების ერთ-ერთი მიზეზი.

"ოქსფამის" ცნობით, ფორუმის დროს გამართულ დისკუსიაზე ყურადღება გამახვილდა მაღალი ხარისხის ქართული თაფლის წარმოების ხელისშემშლელ ფაქტორებზე. მიუხედავად იმისა, რომ თაფლის წარმოება ერთ-ერთი წამყვანი დარგია საქართველოში და კერძო მეფუტკრეობაში 40,000-ზე მეტი ფერმერია ჩართული, თაფლის ხარისხის კონტროლი სახელმწიფო დონეზე კვლავ დიდი გამოწვევების წინაშეა.

"ხარისხის კონტროლის თვალსაზრისით საყურადღებოა ჰერბიციდებისა და შხამქიმიკატების უკონტროლოდ გამოყენება. ძლიერი ტოქსიკური საშუალებები დიდ ზიანს აყენებს ფუტკარს და მეფუტკრეობის პროდუქტების მომხმარებლებს მოწამვლის საშიშროების წინაშე აყენებს", განაცხადა შპს. "მეთაფლიას" დირექტორმა როლანდ ზირაქაშვილმა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მოუწოდა, გამოვიდეს ამ საკითხის საკანონმდებლო დონეზე მოგვარების ინიციატივით.

მათივე ინფორმაციით, ფორუმის მონაწილეებმა განიხილეს თაფლის გასაღების ადგილობრივი ბაზრისა და ექსპორტის შესაძლებლობები. სტატისტიკური მონაცემებით, ერთი სული მოსახლე საქართველოში 500-600 გრამ თაფლს მოიხმარს, რაც საშუალო ევროპულ მაჩვენებელზე დაბალია. საქართველოში არსებული თაფლის მარაგები ჯერჯერობით ვერ დააკმაყოფილებს საექსპორტო მოთხოვნებს საკმარისი რაოდენობის უწყვეტი მიწოდების კუთხით.

"დღეის მდგომარეობით ქვეყანაში არ გვაქვს შესაბამისი ხარისხის და რაოდენობის კონკურენტუნარიანი ჭარბი თაფლი და მეფუტკრეობის სხვა პროდუქტები, რომლებსაც უცხოეთში გავყიდით. თუ ჩვენ გვინდა, რომ ეს პერსპექტივაში მაინც გავაკეთოთ, მაშინ უფრო სერიოზული ფინანსები უნდა დაიხარჯოს სამრეწველო საფუტკრეებისა და კოოპერატიული გაერთიანებების განვითარებისთვის", - აღნიშნა როლანდ ზირაქაშვილმა.

2015 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით ამოქმედდა "მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა". პროგრამის მიზანია სწორედ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების საფუტკრე მეურნეობების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება, მეფუტკრეობის სხვა პროდუქტების ხარისხისა და რაოდენობის ზრდა და წარმოებული თაფლის მიკვლევადობის ამაღლება.

"ოქსფამის" ცნობით პროგრამის ფარგლებში მეთაფლეობაში ჩართულ კოოპერატივებს, რომლებიც პროგრამაში დარეგისტრირდნენ, სახელმწიფოსგან გადაეცათ თანადაფინანსების სისტემით მათ საკუთრებაში არსებული სკების იდენტური რაოდენობა, ასევე 12 ჩარჩოიანი ციბრუტი და 2200 ლიტრის ტევადობის თაფლის შესანახი ავზები.

გარდა ამისა, პროგრამაში ჩართული კოოპერატივები უსასყიდლოდ ისარგებლებენ საქართველოს სოფლის მეურნეობის ლაბორატორიაში თაფლის ერთი ნიმუშის შემოწმების მომსახურებით. ასევე მიიღებენ ტექნიკურ დახმარებას "თაფლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბერის №714 დადგენილების ძირითადი მოთხოვნების დანერგვასთან დაკავშირებით.

მეფუტკრეობის ფორუმზე სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან არსებული ლაბორატორიის ხელმძღვანელმა ირაკლი გულედანმა მეფუტკრეობაში ჩართულ კოოპერატივებს გააცნო ლაბორატორიის მომსახურება.

"სოფლის მეუნრეობის ლაბორატორიაში დანერგილია ISO სტანდარტის შესაბამისი მეთოდები, რაც პასუხობს ISO 17025 სტანდარტის შესაბამისი აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიის ვალდებულებებს და თანამედროვე მეთოდების გამოყენებითა და უახლესი ტექნიკის მეშვეობით ხორციელდება მაღალი დონის კვლევები. ლაბორატორია სისტემატურად მონაწილეობს უცხოეთის რეფერალური ლაბორატორიების მიერ ჩატარებულ პროფესიულ ტესტირებებში, რათა მუდმივად დადასტურებული იყოს საქართველოში ჩატარებული კვლევების სანდოობა და მაღალი სიზუსტე,"- განაცხადა ირაკლი გულედანმა.

ამ ეტაპზე მეთაფლეებს საშუალება აქვთ, გამოიკვლიონ ფუტკრის დაავადებათა სრული სპექტრი, მიიღონ კონსულტაცია ამ დაავადებათა მკურნალობისა და პროფილაქტიკის საკითხებში ეკოლოგიურად სუფთა პრეპარატების გამოყენებით და სწორი ანტიბიოტიკების შერჩევით.

ფორუმი ოფიციალურად გახსნეს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ დავით გალეგაშვილმა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი მიშელაძემ.

ფორუმის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს ევროკავშირის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის, სურსათის ეროვნული სააგენტოს, სამეცნიერო კვლევითი ცენტრის, საქართველოს პროფესიონალ მეფუტკრეთა ასოციაციის, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის, საქართველოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ასოციაციის, რეგიონალური საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების, კოოპერატივებისა და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

მეფუტკრეობის პირველმა ფორუმმა დარგში ჩართული ფერმერების დიდი ინტერესი გამოიწვია. ევროკავშირის მხარდაჭერით ENPARD-ის ფარგლებში ამ დარგში სხვა შეხვედრებიც გაიმართება, რომელიც საშუალებას მისცემს ყველა დაინტერესებულ მხარეს, ჩაერთოს დისკუსიებში.