სესილია მალმსტრომი - საქართველოსთვის ყველაზე სპეციფიკური გამოწვევა კვების უსაფრთხოების სტანდარტებია

ძალიან ბევრი რამ უკვე გაკეთდა, მაგრამ უფრო მეტია გასაკეთებელი, - ამის შესახებ ევროკომისარმა ვაჭრობის საკითხებში სესილია მალმსტრომმა ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.

მალმსტრომმა ისაუბრა საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მნიშვნელობაზე, იმ სარგებელზე, რომელსაც ეს შეთანხმება ბიზნეს-სექტორს სთავაზობს. ასევე დოკუმენტის იმპლემენტაციის პროცესზე.

მალმსტრომის თქმით, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება უკვე 18 თვეა ამოქმედებულია და ამას კონკრეტული შედეგები მოჰყვა. კერძოდ, საქართველოს ექსპორტის 1/3 სწორედ ევროკავშირის ბაზარზე ხორციელდება, ასევე საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნახევარი ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის.

"ეს დიდი მიღწევაა და ვფიქრობ, ეს მხოლოდ დასაწყისია", - აღნიშნა მალმსტრომმა.

ყველაზე სპეციფიკურ გამოწვევად, რომელიც ქართულ მხარეს აქვს, ევროკომისარმა კვების უსაფრთხოების სტანდარტები დაასახელა და აღნიშნა, რომ დასახვეწია ფიტო-სანიტარული სტრატეგია. ევროკომისარმა ასევე ხაზი გაუსვა კანონმდებლობის დახვეწის საკითხში ბიზნესის ინტერესების გათვალისწინების მნიშვნელობას.

სესილია მალმსტრომის თქმით, ევროკავშირმა საქართველოს მხარდაჭერა გაზარდა და 2014-2017 წლის პერიოდში ქვეყანას 410 მილიონ ევროს გამოუყოფს.

"ვიცით, რომ რეფორმების განხორციელება არ არის მარტივი. ეს დაკავშირებულია გამოწვევებთან. ასე იყო ევროკავშირში და ასე იქნება საქართველოში. ჩვენ მზად ვართ დახმარება გაგიწიოთ", - განაცხადა სესილია მალმსტრომმა.