ელექტროგადამცემი ხაზის "ახალციხე-ბათუმი" პროექტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა

ბათუმში, 20-21 მარტს, ელექტროგადამცემი ხაზის "ახალციხე-ბათუმი" მშენებლობის პროექტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

როგორც საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში აცხადებენ, შეხვედრას ესწრებოდნენ "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის", მშენებელი კონტრაქტორი კომპანია KEC-ის, ზედამხედველი კონსულტანტი კომპანია Intec GOPA-ს და AGL-ის წარმომადგენლები.

შეხვედრის მიზანს მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მიმდინარე "ელექტროგადამცემი ქსელის გაძლიერების პროექტის" მთავარი კომპონენტის, ახალციხე-ბათუმის 220 კვ., ორჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის მიმდინარეობა წარმოადგენდა. პროექტი, რომელსაც "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" ახორციელებს, მოიცავს დაახლოებით 145კმ სიგრძის, ახალციხე-ბათუმის 220 კვ., ორჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას მაღალი ძაბვის 500/400/220კვ ქვესადგურიდან "ახალციხე" 220კვ ქვესადგურამდე "ბათუმი".

სსე-ის მმართველმა გუნდმა უცხოელ სტუმრებთან ერთად მშენებლობის ადგილი დაათვალიერა, განიხილეს გეოლოგიური კვლევის, ანძებთან მისასვლელი გზების მოწყობის, დემარკაცია-ტაქსაციის საკითხები.

"აღნიშნული ხაზის მშენებლობას დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ენერგოსისტემისთვის, რადგან პროექტის განხორციელების შემდეგ, სისტემაში გაჩნდება ბათუმის ქვესადგურთან დამაკავშირებელი სარეზერვო ხაზი. შედეგად, გაუმჯობესდება ელექტროენერგიის მიწოდების საიმედოობა და ხარისხი ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთი ნაწილისთვის, სადაც მდებარეობს შავი ზღვის მნიშვნელოვანი პორტი და ტურისტული კურორტი ბათუმი", - განაცხადა "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე სულხან ზუმბურიძემ.

პროექტი 2018 წელს დასრულდება.