აღმაშენებლის გამზირზე ახალი სასტუმრო City Avenue გაიხსნა

თბილისის ცენტრში, დავით აღმაშენებლის 140 ნომერში, ახალი მაღალი კლასის სასტუმრო City Avenue “სითი ავენიუ” გაიხსნა. სასტუმროს საზეიმო გახსნის ცერემონიას თბილისის მერი, დავით ნარმანია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე, ქართველი და უცხოელი ბიზნესმენები ესწრებოდნენ.

სასტუმროში სულ 37 სრულად აღჭურვილი და თანამედროვე სტანდარტებით შექმნილი ოთახია. გარდა ამისა, მას ასევე აქვს 50 პერსონაზე გათვლილი საკონფერენციო დარბაზი, კაფე-ბარი, ტერასა და კერძო პარკინგი. ერთი სიტყვით, ყველაფერი, რაც ადგილობრივი და უცხოელი დამსვენებლების მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.

,,ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სასტუმრო, ის სტრატეგიულად კარგ ადგილას მდებარეობს. აღმაშენებლის გამზირზე ინტენსიურად მიმდინარეობს ქალაქ თბილისის მერიის მიერ აღდგენითი სამუშაოები და, შესაბამისად, ტურისტების ნაკადი აუცილებლად მოიმატებს, სასტუმრო კი იქნება წარმატებული. ეს გახლავთ ქალაქისთვის სერიოზული შენაძენი, არა მხოლოდ ამ ადგილის მოწესრიგების, ადამიანების დასაქმებისა და ბიუჯეტში შემოსავლების ზრდის თვალსაზრისით, არამედ იმ ინვესტიციების და ბევრი მნიშვნელოვანი სიახლის კუთხით, რაც როგორც ეკონომიკური, ასევე სოციალური თვალსაზრისით შეემატება ქალაქს’’, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

ღონისძიებაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ქალაქს ახალი სასტუმროს გახსნა მიულოცა და მის მფლობელს აღმაშენებლის 138 ნომერში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული კიდევ ერთი ობიექტის შესყიდვა და ბიზნესის გაფართოება შესთავაზა.

„ეს სატუმრო კიდევ ერთი ის მნიშვნელოვანი აქტივია, რომელიც ჩვენს ქალაქს და ჩვენს ქვეყანას შეემატა. აქ ჩვენ კიდევ უფრო მეტ სტუმარს მივიღებთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ტურიზმის განვითარებისთვის. ტურიზმი არის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ტრადიციული მიმართულება, რომელიც ძალიან სწრაფად ვითარდება. ის ჩვენი ქვეყნის საგადასახო ბალანსში 1 მილიარდ 800 მილიონ დოლარს აგენერირებს და დღევანდელი მონაცემებით, 180 000 ადამიანს ასაქმებს. თუ ჩვენ შარშან 5,9 მილიონი ტურისტი გვყავდა, ჩვენ ეს ციფრი 11 მილიონ სტუმრამდე უნდა გავზარდოთ. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ, როგორც ქვეყანა, როგორც მთავრობა, საკმაოდ დიდ ინვესტიციებს ჩავდებთ იმისათვის, რომ მოვიზიდოთ ეს სტუმრები“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

კომპანია აპირებს ოთხი დამატებითი სასტუმროს გახსნას როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში, რომლებსაც ოპერირებას გაუწევს საერთაშორისო ბრენდები, მათ შორის ერთ-ერთი 100-ნომრიანი 3-ვარსკვლავიანი სასტუმრო “ibis” თამარ მეფის გამზირზე 2016 წელს შევა ექსპლუატაციაში, რომელიც ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის. ამ ეტაპზე სასტუმროში სულ 20 ადამიანია დასაქმებული.

„ჩვენ მივესალმებით და მოხარული ვართ, რომ თბილისში კიდევ ერთი ახალი სასტუმრო გაიხსნა. ეს განსაკუთრებით დიდი მოვლენაა იმ ფონზე, როდესაც საქართველოში ტურისტების რაოდენობა ყოველთვიურად იზრდება. თებერვლის თვის მონაცემებით, საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა საქართველოში 24%-ით არის გაზრდილი. მოხარული ვართ, რომ კერძო სექტორი დროულ და ადეკვატურ ნაბიჯებს დგამს იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის ტურისტული პოტენციალი კიდევ უფრო გაძლიერდეს“, - აღნიშნა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ.

სასტუმროს საზეიმო გახნა უზრუნველყო ივენთ კომპანიამ „ბლუმ ივენთსი“. სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ დაეთვალიერებინათ სასტუმრო, დაეგემოვნებინათ შეფმზარეულის მიერ მომზადებული კერძები და ესიამოვნათ კლასიკური ცოცხალი მუსიკით.

„ეს ჩვენი პირველი სასტუმროა და ყველანაირად ვეცადეთ, რომ ის საუკეთესო ყოფილიყო. 2017 წლის მარტში ჩვენ კიდევ ერთი სასტუმროს გახსნას ვგეგმავთ და ვფიქრობ, რომ ასე გავაგრძელებთ ჩვენი ბიზნესის გაფართოებას“, - განაცხადა სასტუმროს მფლობელმა მეჰმეთ სურკიტმა.

(R)