ობიექტები, რომლებიც სახელმწიფომ გასულ წელს გაყიდა - როგორია ქონების პრივატიზების შედეგები

გასულ წელს ლარის კურსის გამყარების მიზნით შემუშავებული გეგმის ერთ-ერთი ნაწილიდან, პრივატიზებიდან მთავრობამ 2015 წლის განმავლობაში ბიუჯეტში 285 მილიონ 300 ათასი ლარის მობილიზება შეძლო. გასულ წელს 2,5 ჯერ გაიზარდა გამოცხადებული აუქციონების რაოდენობა, 2014 წელთან შედარებით კი გაყიდული სახელმწიფო ქონების ღირებულება 205 მილიონი ლარით გაიზარდა. 2015 წელს პრივატიზირებული მსხვილი ობიექტების ნუსხაშია ყოფილი მიხაილოვის საავადმყოფო, რომელიც 4 მილიონ დოლარად გაიყიდა. ამ სიაშია 25 მილიონ დოლარად გაყიდული "ბათუმი თაუერიც". მსხვილი ობიექტების ნუსხაშია ასევე ჭანტურიას ქუჩაზე მდებარე შენობა, რომელშიც ეკონომიკის სამინისტროა განთავსებული. შენობა 9 მილიონ 450 ათას დოლარად გაიყიდა. 31 მილიონ ლარად გაიყიდა სახელმწიფო ღვინის ქარხანა "გრუზვინპრომი". მიმდინარე წელს პრივატიზებულ მსხვილ ობიექტებს შორის კი ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრია, რომლის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 95%-იანი წილი 800 ათას ლარად გაიყიდა. ამასთან, 2015-2016 წლებში პირდაპირი გაყიდვის წესით პრივატიზებულია 100-მდე ობიექტი და მიწის ნაკვეთი. როგორც სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, ობიექტებს თან მსხვილი საინვესტიციო ვალდებულებები ახლავს.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე