რევოლუციური სიტყვა თუ აფერა - საქართველოში პრემიუმ- კლასის კოსმეტიკური ბრენდი შემოვიდა

საქართველოში ძვირად ღირებული ისრაელის კოსმეტიკური ბრენდი „დეშელი" შემოვიდა.

როგორც წარმომადგენლობაში აცხადებენ, სპაპროდუქცია კოსმეტოლოგიაში „რევოლუციური“ სიტყვაა, რადგან „ინტელექტუალური კრისტალების“ ფორმულის მეშვეობით კანს სიღრმისეულად კვებავს, აახალგაზრდავებს და „ბოტოქსის“ ეფექტს აძლევს.

"დეშელის“ 10 სახეობის პროდუქტის ნაკრები, რომელშიც სახის პილინგი, ტალახის ნიღაბი, შრატი, მკვებავი კრემები, ასევე ულტრაბგერითი აპარატი „კლიონი“ შედის, საკმაოდ ძვირი - 2950 ლარი ჯდება. როგორც კომპანიაში ირწმუნებიან, ეს ნაკრები ქალბატონებს ერთ წელიწადს ჰყოფნით.

თუმცა ყველაზე საინტერესო და ყურადსაღები - კომპანიის ზეაგრესიული მარკეტინგია, რომლის წყალობით, ნაკლებადშემოსავლიანი კლიენტებიც კი, საბოლოო ჯამში, პრემიუმ-კლასის პროდუქციის შესყიდვაზე თანხმდებიან.

კომპანია თავის სამიზნე ჯგუფებს - 28 წელს გადაცილებულ ქალბატონებს ტელეფონით უკავშირდება და უფასო, სადემონსტრაციო პროცედურას უტარებს, შემდეგ შთაგონების, დარწმუნებისა და ფასზე ვაჭრობის ხერხების კომბინაციებით, პრაქტიკულად აიძულებს, კომპანიაშივე მყოფ ბანკის წარმომადგენლებთან კოსმეტიკის განვადებით შეძენაზე სესხი გააფორმონ. როგორც კომპანიაში ირწმუნებიან, ამ ოთხი დღის განმავლობაში კლიენტების სერიოზული რაოდენობა მოიზიდეს.

აგრესიული მარკეტინგის გამო „დეშელს“ უამრავი უკმაყოფილო მომხმარებელი ჰყავს, მათ შორის, რუსეთში, სადაც ბრენდი 2008 წელს გამოჩნდა. წელს სვერდლოვსკის საოლქო „როსპოტრებნადზორს“ დაზარალებულმა კლიენტებმა მიმართეს ეჭვით, რომ ხელშეკრულებებს კომპანიის წარმომადგებლები ნეიროლინგვისტური პროგრამირების საშუალებით აფორმებინებდნენ. გარდა ამისა, მომხმარებლები წუხდნენ, რომ არ ჰქონდათ ინფორმაცია, რამდენად შეეასაბამებოდა კოლოსალურ ფასს (45 ათასი რუსული რუბლი) პროდუქციის ხარისხი. უწყებამ მოკვლევა ჩაატარა, რომელმაც აღნიშნული ფაქტი დაადასტურა. მედიის ინფორმაციით, კომპანია „РТС-Групп Косметик“ -მა „როსპოტრებნადზორს“ ვერ წარუდგინა ვერც ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატი და ვერც ულტრაბგერითი აპარატის სახელმწიფო რეგისტრაციის საბუთი. უწყებამ „დეშელის“ წარმომადგენლობა 116,5 ათასი რუბლით დააჯარიმა.