Die Welt - ევროკომისიას აეროპორტების შესასვლელში კონტროლის დაწესება სურს

ევროკომისიას ბრიუსელის ტერაქტების შემდეგ აეროპორტების შესასვლელში კონტროლის დაწესება სურს. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Die Welt-ი ევროკავშირის წყაროზე დაყრდნობით წერს.

"ეს საჭიროა, ვინაიდან ყველა ვიზიტორი აეროპორტში შესვლამდე შემოწმდება. ინდივიდუალური შემოწმება სირთულეებთან და ხარჯებთან იქნება დაკავშირებული, მაგრამ უსაფრთხოების მხრივ ეს დადებითი შედეგის მომტანი იქნება", - ამბობს წყარო.

გერმანული გამოცემის ცნობით, მსგავსი გამოცდილება უკვე აქვს დომოდედოვოს აეროპორტს, სადაც 2011 წლის ტერორისტული თავდასხმის შემდეგ მსგავსი კონტროლი დაწესდა.

ევროკომისიის წყაროს ცნობით, მეტროს სადგურებში მსგავსი უსაფრთხოების უზრუნველყოფა გაცილებით რთულია. "რისკის ნულზე დაყვანა მეტროებში შეუძლებელია", - აღნიშნავს წყარო.