ზურაბ ჭიაბერაშვილი - დავით სერგეენკო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში შექმნილ ქაოსს ვერ უმკლავდება

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის აზრით, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში შექმნილ ქაოსს ვერ უმკლავდება.

"ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში შექმნილი პრობლემა აღიარა, თუმცა მდგომარეობის გამოსწორების გეგმას ვერ გვთავაზობს. არსებულ ვითარებაში კი პროგრამით შეძლებულები უფრო სარგებლობენ, ყველაზე გაჭირვებულ მოქალაქეებს კი წამლის შეძენაც კი არ შეუძლიათ", - განაცხადა ჭიაბერაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, ფონდ "კურაციოს" მიერ ჩატარებულმა უაღრესად საყურადღებო კვლევამ გამოავლინა შემდეგი პრობლემები: კვლევაში მონაწილე სამედიცინო დაწესებულებათა მენეჯერების 52.3% სამინისტროდან თანხების ოდნავ ან მნიშვნელოვანი დაგვიანებით ჩარიცხვაზე მიუთითებენ; რესპონდენტთა 73.1%-ის აზრით, მოსახლეობის ფინანსური დაცულობა გაუარესდა; რესპონდენტთა 64.9% მიიჩნევს, რომ შემდეგ 6 თვეში მოსახლეობის ფინანსური დაცულობა გაუარესდება.

"საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში არსებულ ქაოსზე მუდმივი საბიუჯეტო დეფიციტიც მეტყველებს. სწორედ ამიტომაა, რომ სამინისტრო საავადმყოფოებს თანხებს დაგვიანებით ურიცხავს და დაგვიანების პერიოდი სულ უფრო იზრდება. ხარჯვა რომ დღევანდელი ტემპით გაგრძელდეს, ბიუჯეტში გამოყოფილი 570 მლნ ლარი სექტემბერში ამოიწურება და პროგრამას 100 მლნ ლარზე მეტი უნდა დაემატოს. არადა, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა მძიმდება და სამწუხაროდ, წელს დასამატებელი რესურსი, საეჭვოა, იყოს. სამინისტროში უკვე აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ საყოველთაობა მიზნობრიობით უნდა შეიცვალოს ანუ სახელმწიფო უნდა დაეხმაროს გაჭირვებულებს და არა ყველას", - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის შეფასებით, საყოველთაობაზე უარის თქმა პრობლემის გადაჭრის მხოლოდ ერთი ნაწილია და უფრო მნიშვნელოვანი ხარჯვის ეფექტური მექანიზმების შემოღებაა.

ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებას "ნაციონალური მოძრაობა" ავრცელებს.