პანკისის მოსახლეობა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის უპირატესობებს გაეცნო

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე პანკისის ხეობაში მცხოვრებ ფერმერებს სოფელ დუისში შეხვდა.

როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, გიორგი მიშელაძემ შეხვედრაზე დეტალურად განმარტა, თუ რა ტექნიკური პროცედურების გავლაა საჭირო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის რეგისტრაციასა და სტატუსის მოპოვებისათვის და რა საგადასახადო შეღავათებით სარგებლობს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, ასევე მოსახლეობას მიეწოდა ინფორმაცია კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამების შესახებ.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის განცხადებით, კოოპერატივების შექმნა ხელს შეუწყობს, ფერმერული მეურნეობების გამსხვილებას, ადგილობრივი პროდუქციის წახალისებას, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და მაღალი სტანდარტების პროდუქციის წარმოებას.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში დასრულდა. მოსახლეობის დასმულ შეკითხვებს გიორგი მიშელაძემ ამომწურავი პასუხები გასცა. ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან გამოითქვა დაინტერესება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნისა და სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობის.

კახეთის რეგიონში დღეისათვის 112 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია რეგისტრირებული.

მოსახლეობასთან შეხვედრა პანკისის სათემო რადიოს WAY-ის ორგანიზებით გაიმართა.