საქართველოში სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტების დამზადება იწყება

მომავალი კვირიდან საქართველოში სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტების დამზადება დაიწყება. სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი ,,დელტა” ადგილობრივ წარმოებაზე გადადის. როგორც კომპანიაში ,,ბიზნესპრესნიუსს” განუცხადეს, ამ დრომდე საქართველო სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარებს მაკედონიიდან და ბულგარეთიდან ყიდულობდა.

,,იმპორტი ჩანაცვლდება, რაც კომპანიას გაცილებით იაფი დაუჯდება. ,,დელტას” ინჟინრებმა კარგად შეისწავლეს აღნიშნული დანადგარების ტექნოლოგია და მათ უკვე შეუძლიათ თავად მიიღონ მონაწილეობა სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარების დამზადებაში”, - აცხადებს კომპანიის სამხედრო-ტექნიკურ საკითხებში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი. გიგა ინაშვილის თქმით, საქართველოში დამზადებული დანადგარების უპირატესობა არა მხოლოდ შედარებით დაბალი ფასი, არამედ მაღალი ხარისხიც იქნება.

საქართველოში წარმოებული დანადგარები მომავალში, შესაძლოა, ექსპორტზეც გავიდეს.

ქრისტინე გამთენაძე