აფბა მსოფლიო ნავთობის ბაზარზე მიმდინარე ტენდენციებს აფასებს

"ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბა" მსოფლიო ნავთობის ბაზარზე მიმდინარე ტენდენციებს აფასებს.

როგორც აფბაში აცხადებენ, ორგანიზაციის ანალიტიკოსმა პაატა ბაირახტარმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც მსოფლიო ნავთობის ბაზრებზე მიმდინარე ტენდენციები და ქართულ საწვავის ბაზარზე მისი ასახვა შეაფასა.

"უკვე თვეზე მეტია, რაც მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასმა დაღმავალი ტრენდი შეწყვიტა და ბარელის ფასი 40 დოლარს გადასცდა. საინტერესოა, რამ განაპირობა ნავთობზე ფასების მატება და გაგრძელდება თუ არა მომავალშიც შავ ოქროზე ფასების ზრდა, კერძოდ, არის თუ არა შესაძლებელი, რომ ბარელი ნავთობის ფასმა კვლავ 100 დოლარს მიაღწიოს.

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასების ზრდა მთლიანად ხელოვნური პროცესია და მას სათავეში უდგას მსოფლიოში უდიდესი კარტელური ორგანიზაცია "ოპეკი". უკვე თითქმის ერთი წელია, რაც "ოპეკი" უშედეგოდ ცდილობდა ბაზარზე ფასების მართვას და ნავთობის ფასის დაღმავალი ტრენდის შეჩერებას", - აცხადებენ აფბაში.

მათივე განმარტებით, რამდენიმე წარუმატებელი შეხვედრის შემდეგ, "ოპეკის" წევრმა რამდენიმე ქვეყანამ შეთანხმებას მიაღწია და ნავთობის მოპოვება "გაყინა".

"ეს სწორედ ის ქვეყნებია, რომლებიც ნავთობზე ფასების ვარდნამ თითქმის ეკონომიკურ კატასტროფამდე მიიყვანა. ბოლო მოლაპარაკებები, რომელიც თითქმის ერთი თვის წინ გაიმართა, რუსეთის ინიციატივით დაიწყო (მომპოვებელ ქვეყნებში რუსეთი იყო ერთ-ერთი, რომელიც ყველაზე მეტად დააზარალა ნავთობის გაიაფებამ) და მას შეუერთდა საუდის არაბეთი, მოგვიანებით კი აზერბაიჯანი. თავის მხრივ, ორივე მათგანი თანამშრომლობს ყატარსა და ვენესუელასთან", - აღნიშნა ბაირახტარმა.

მისივე შეფასებით, მოლაპარაკებები მიზნად ისახავს ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების ბალანსის აღდგენას.

"მოლაპარაკებების მთავარი მიზანია ნავთობის მოპოვების გაყინვა იმ დოზით, რომ ბაზარზე აღდგეს ბალანსი მოთხოვნასა და მიწოდებას შორის. დღეის მდგომარეობით, მსოფლიო დღიურად მოიპოვებს 96,5 მილიონ ბარელს, რაც 2 მილიონი ბარელით მეტია რეალურ მოთხოვნაზე, შესაბამისად, ჭარბი მიწოდება ბაზარზე ფასების დაღმასვლას იწვევს. თუმცა საინტერესოა, რელურად რამდენად შეძლებს "ოპეკი", ნავთობზე მოთხოვნა-მიწოდების ბალანსის აღდგენასა და ბაზარზე ფასების შემდგომი მატების უზრუნველყოფას.

თუ გადავხედავთ ნავთობის ბირჟებზე მიმდინარე პროცესებს, დავინახავთ, რომ ბაზარზე ფასების მკვეთრი ზრდა არ შეიმჩნევა და მიმდინარეობს ჯანსაღი "ვაჭრობა", თუ არ ჩავთვლით იმ ტექნიკურ ხარვეზს, რომლის გამოც ნიგერიიდან და ერაყიდან ნავთობის მიწოდება შეფერხდა. მეტწილად, სწორედ ამ შეფერხებამ გამოიწვია ნავთობზე ფასების მატება, ხარვეზის აღმოფხვრის შემდეგ კი მოსალოდნელია ბაზარზე ისევ დაღმავალი ტრენდის განვითარება.

ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რის გამოც "ოპეკი" ბაზარზე ფასების ზრდას ვერ ახერხებს, არის ირანი. სწორედ ირანი ამბობს უარს მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე, რაც, თავის მხრივ, "ოპეკის" სხვა წევრ ქვეყნებს, საშუალებას არ აძლევს ბაზარზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინონ. ირანის ნავთობის მინისტრის განცხადებით, ირანი მხოლოდ მას შემდეგ ჩაერთვება მოლაპარაკებებში და განიხილავს მოპოვების ზრდის გაყივნას, რაც ირანის მოპოვების დღიური ნორმა 4 მლნ ბარელს ასცდება. ეს კი ის მაჩვენებელია, რაც ირანს სანქციებამდე ეკავა. შესაბამისად, ბაზარზე ნავთობის ფასის მკვეთრი ზრდა უახლოეს მომავალში პრაქტიკულად გამორიცხულია", - აღნიშნა აფბას ანალიტიკოსმა.

იგი ქართულ საწვავის ბაზარსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ბოლო პროცესების გათვალისწინებით, ქართულ საწვავის ბაზარზე ფასების ზრდა მოსალოდნელი არ არის.

"რაც შეეხება ქართულ საწვავის ბაზარს, მსოფლიო ტენდენციებისა და ბოლოდროინდელი ეროვნული ვალუტის გამყარების ფონზე, (ბოლო ერთ თვეში ლარი 8%-ით გამყარდა დოლართან მიმართებაში) საწვავის გაძვირება მოსალოდნელი არ არის", - აღნიშნა პაატა ბაირახტარმა.