"საპარტნიორო ფონდს" კორეული ენერგეტიკული კომპანიის დელეგაცია ეწვია

"საპარტნიორო ფონდს" კორეული ენერგეტიკული კომპანია Korea Hydro & Nuclear Power-ის (KHNP) დელეგაცია ეწვია, რომელიც საქართველოში საინვესტიციო საქმიანობით არის დაინტერესებული, - ამის შესახებ "საპარტნიორო ფონდში" აცხადებენ.

"საპარტნიორო ფონდის" ინფორმაციით, Korea Hydro & Nuclear Power (KHNP), რომელიც ენერგეტიკის სფეროში მოღვაწეობს, საქართველოს ენერგოსექტორში არსებული ვითარების გაცნობის მიზნით, ენერგეტიკის სამინისტროსა და საპარტნიორო ფონდში შეხვედრებს მართავს.

"საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ ნათია თურნავამ სტუმრებს ფონდის ენერგეტიკული პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, მათ შორის ისაუბრა "ნენსკრა ჰესის" პროექტზე, რომლის ინვესტორი კორეული კომპანია "ქეი ვოთერია" (K-Water).

"საპარტნიორო ფონდის" ინფორმაციით, Korea Hydro & Nuclear Power (KHNP) სამხრეთ კორეაში 44 ელექტროსადგურის მფლობელია, მათ შორის 35 ჰიდროელექტროსადგურია. კომპანია ელექტროენერგიით სამხრეთ კორეის ენერგეტიკული ბაზრის 30 პროცენტზე მეტს ამარაგებს.