მაღაროელებმა "საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფის" მიერ შეთავაზებული ხელშეკრულების პირობები გააპროტესტეს

ტყიბულელმა მაღაროელებმა კომპანია "საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფის" მიერ შეთავაზებული შრომითი ხელშეკრულების პირობები გააპროტესტეს.

როგორც საგაფიცვო კომიტეტის წევრმა ლევან ბეშკენაძემ განაცხადა, ორი დღის წინ, ღამით, ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მაღაროელთა ნაწილს შრომით ხელშეკრულებაზე ხელი მოაწერინა ისე, რომ ხელშეკრულების პირობები არც გააცნეს.

"როდესაც ეს შევიტყვეთ, საქმეში ჩავერთეთ საგაფიცვო კომიტეტის წევრები, ასევე ადგილობრივი პროფკავშირების წარმომადგენლები და გავაპროტესტეთ მათ მიერ წარმოდგენილი შრომითი ხელშეკრულება. ასევე ხელშეკრულების პირობები გავაცანით იმ მაღაროელებს, ვისაც ჯერ კიდევ არ ჰქონდათ ხელი მოწერილი მასზე და მათაც უარი განაცხადეს ხელმოწერაზე. მათ მიერ შემოთავაზებული ხელშეკრულებით მეშახტეებს მოუწევდათ მონურ პირობებში მუშაობა, ამიტომ ჩვენ საქმის კურსში ჩავაყენეთ ადგილობრივი პროფკავშირები და დღეს მათი წარმომადგენლები კომპანიის ადმინისტრაციას საგაფიცვო კომიტეტის წევრებთან ერთად შეხვდა", - აღნიშნა ლევან ბეშკენაძემ.

საქართველოს ნახშირისა და სამთო მრეწველობის პროფკავშირების თავმჯდომარე თამაზ დოლაბერიძის ინფორმაციით, ის დღეს პროფკავშირების ადგილობრივი კომიტეტის და საგაფიცვო კომიტეტის წარმომადგენლებთან ერთად შეხვდა ტყიბულში კომპანია "საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფის" ხელმძღვანელობას და მათ შორის შედგა შეთანხმება, რომ კომპანიისა და პროფკავშირების იურისტები ერთობლივად შეიმუშავებენ ახალ შრომით ხელშეკრულებას, სადაც დაცული იქნება მაღაროელთა უფლებები. ასევე, კომპანიის ადმინისტრაციისაგან მიიღეს პირობა, რომ ანულირებული იქნება იმ მაღაროელებთან დადებული შრომითი ხელშეკრულებები, რომლებსაც ხელი აქვთ მოწერილი.