"სტარბაქსი" გაუყიდავ პროდუქციას გაჭირვებულ მოსახლეობას უფასოდ დაურიგებს

მსოფლიოში ყავახანების უმსხვილესი ქსელი Starbucks გრანდიოზულ საქველმოქმედო კამპანიას იწყებს.

ამერიკული კომპანია გაუყიდავ პროდუქციას ახალი პროგრამის FoodShare-ის საშუალებით დაარიგებს.

Starbucks-მა აღნიშნული ინიციატივა არაკომერციული ორგანიზაცია Feeding America-ს პარტნიორობით წამოიწყო, რაც საშუალებას მისცემს, გაუყიდავი პროდუქცია აშშ-ის მასშტაბით 7 600 მაღაზიაში დაარიგოს.

Feeding America-ს მონაცემებით, შეერთებულ შტატებში საკვების დეფიციტს 48 მილიონზე მეტი ადამიანი განიცდის.

პროექტის პირველ წელს Starbucks საკვებით დაახლოებით 5 მილიონ გაჭირვებულს უზრუნველყოფს.

Starbucks-ში აცხადებენ, რომ მასშტაბური საქველმოქმედო კამპანიის ჩატარება თანამშრომლების ინიციატივა იყო.