"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" გოგირდის აბანოებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი", გოგირდის აბანოებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

"კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" აცხადებს, რომ გოგირდის აბანოები დესტრუქციულ ქმედებას მიმართავენ, რადგან მათი პოზიცია სამართლებრივად წამგებიანია და სხვა გზა არ დარჩათ.

კომპანიამ, აბანოებს, ჩამდინარე წყლის გადასახადი, სემეკის მიერ დადგენილი ტარიფით და მათ მიერ მოხმარებული წყლის გაზომვის შედეგად დაუწესა. აბანოს ხელმძღვანელებს გადასახადის გადახდა არ სურთ, თუმცა მათ პოზიციას საფუძველი არ გააჩნია.

არსებულ ტარიფს აწესებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია და ცალკეული ორგანიზაციებისთვის ვერ შეიცვლება.

მით უფრო, რომ გოგირდის წყალი წარმოადგენს ქიმიურად აქტიურ შენაერთს, რომელიც მნიშვნელოვნად ზემოქმედებს და აზიანებს კომპანიის ინფრასტრუქტურას.

გოგირდის აბანოები, სხვა კომერციულ თუ არაკომერციულ აბონენტებთან შედარებით, პრივილეგიებით ვერ ისარგებლებენ. ისინი სემეკის მიერ დაწესებულ ტარიფს, ყველა ორგანიზაციისა და მოსახლეობის მსგავსად, უნდა დაემორჩილონ.

ასევე "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" გააანალიზა გოგირდის აბანოების მომსახურების ტარიფი და სავარაუდო შემოსავლები. ანალიზის საფუძველზე მიღებული შედეგით, გოგირდის აბანოებისთვის დაკისრებული ჩამდინარე წყლის გადასახადი ადეკვატურია მათ შემოსავლებთან მიმართებაში და ბრუნვის 5 პროცენტს არ აღემატება.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" სასამართლოს სარჩელით უკვე მიმართა", - აღნიშნულია განცხადებაში.