"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი - გოგირდის აბანოები პრივილეგიებით ვერ ისარგებლებენ

კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში" აცხადებენ, რომ გოგირდის აბანოების მხრიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომელიც არ შეესაბამება სინამდვილეს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, "ჯორჯიან უოთ ერდ ფაუერმა" გოგირდის აბანოების თემასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა, სადაც ითქვა, რომ აბანოები სხვა კომერციულ, თუ არაკომერციულ აბონენტებთან შედარებით პრივილეგიებით ვერ ისარგებლებენ.

"კომპანია აფიქსირებს, რომ გოგირდის აბანოები უკვე ერთი წელია არ იხდიან ჩამდინარე წყლის გადასახადს. მიუხედავად ამისა, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" თავი აარიდა მკაცრი ზომების მიღებას, არ შეუწყვიტა აბანოებს წყლის მიწოდება, ანუ არ გამოიყენა ის ბერკეტი, რომელსაც ყველა კომერციულ ობიექტთან მიმართებაში იყენებს. სწორედ იმიტომ, რომ ხელი არ შეეშალა ბიზნესის ფუნქციონირებისთვის.

კომპანია აზუსტებს, რომ გოგირდის წყალი 24 საათის განმავლობაში ჩაედინება თბილისის კოლექტორში, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს" ის გადააქვს გარდაბნის გამწმენდ ნაგებობაში. გოგირდის წყალი საჭიროებს განსაკუთრებულ ფილტრაციას, რადგან ქიმიურად აქტიურია და სხვა ჩამდინარე წყლებთან შედარებით განსაკუთრებულ ზიანს აყენებს კომპანიის ინფრასტრუქტურას.

რაც შეეხება გოგირდის აბანოების ტარიფს და გადასახადს, არსებულ ტარიფს აწესებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია და გადასახადი ცალკეული ორგანიზაციებისთვის ვერ შეიცვლება.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ აბანოები სხვა კომერციულ, თუ არაკომერციულ აბონენტებთან შედარებით პრივილეგიებით ვერ ისარგებლებენ", - აცხადებენ კომპანიაში.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ინფორმაციით, კომპანია მოქმედებს ცივილიზებული გზით და საკითხის გადასაჭრელად სასამართლოს გადაწყვეტილებას დაელოდება.