აირბალონიანი ავტომობილების ინსპექტირება პირველ იანვრამდე გადაიდო

აირბალონიანი ავტომობილების ინსპექტირება პირველ იანვრამდე გადაიდო. ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე აირბალონების განთავსების, ტექნიკურ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის შეფასების და უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკურ რეგლამენტში ცვლილება შევიდა.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რეგლამენტში შევიდა დამატებითი მოთხოვნები, მათ შორის მოთხოვნები გამკაცრდა შემდგომში ინსპექტირების განმახორციელებლი ორგანოების მიმართ.

"ჩვენ ისინი დავავალდებულეთ, რომ ჰქონდეთ გარკვეული მოწყობილობა-დანადგარები, ასევე გამკაცრდა მოთხოვნები სხვა შენობებიდან დაშორებასთან დაკავშირებით იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ უბედური შემთხვევები. 300 ათას ავტომობილს ეხება ეს ყველაფერი.

ჩვენი ანალიზით, დღეს, კერძო სექტორმა არ მოახდინა სერვისცენტრების სათანადოდ აღჭურვა, რაც მოსახლეობის სამართლიან უკმაყოფილებას იწვევს. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ერთი მხრივ, გავამკაცროთ ზომები, მეორე მხრივ, ავტომობილების ინსპექტირება გადავწიეთ პირველი იანვრისთვის. ამ დრომდე აქტიურად ვიმუშავებთ იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი სერტიფიცირებული ინსპექტორი ან შესაბამისი ინსტიტუტი გვქონდეს, რომ დავიწყოთ აირბალონიანი მანქანების ინსპექტირება", - განაცხადა ქუმსიშვილმა.