აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარე 4 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია დასრულდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ფახულანის თემის ცენტრიდან სოფელ საბერიომდე მისასვლელი 4 კმ-იანი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაასრულა.

როგორც რეგიონული განვითარების სამინისტროში აცხადებენ, რეაბილიტირებული გზა დღეს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ დაათვალიერა.

აღნიშნული გზა აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარეობს და მას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ამ გზით გალის მუნიციპალიტეტის სოფელ საბერიოში მცხოვრები მოსახლეობა და ამ სოფლის სკოლის მოსწავლეები სარგებლობენ. ისინი ფახულანის საჯარო სკოლაში, ქართულ ენაზე სწავლის მიზნით, აღნიშნულ გზაზე ყოველდღიურად რამდენიმე კილომეტრს ფეხით გადიან. ამავე გზით სარგებლობს 3000-ზე მეტი ადგილობრივი და დევნილი მოსახლე.

გზის რეაბილიტაცია ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ მდებარე სოფელ ფახულანში, საავტომობილო გადაადგილებას გაამარტივებს და ხელს შეუწყობს ოკუპირებული ტერიტორიიდან, კერძოდ, გალის მუნიციპალიტეტიდან მოსახლეობის მიმოსვლას.

სამშენებლო სამუშაოები ობიექტზე 2015 წლის მარტში დაიწყო და მიმდინარე წელს დასრულდა. სამუშაოებზე 60 ადამიანი იყო დასაქმებული და მათი 50% ადგილობრივი მოსახლეა. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 2,323,231.04 ლარია.