ბათუმში მრავალფუნქციური კომპლექსი აშენდება

მთავრობის გადაწყვეტილებით, ბათუმში ფიროსმანის ქუჩა N1-ში მრავალფუნქციური კომპლექსი აშენდება. აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ შპს "ემ-კვადრატს" 289 კვ.მ. ფართი და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი საკუთრებაში გადასცა.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, საინვესტიციო პირობების მიხედვით, 18 თვის ვადაში უძრავ ქონებაზე არანაკლებ 10 000 კვ.მ. ფართის მქონე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა განხორციელდება.

მათივე ინფორმაციით, ახალაშენებულ კომპლექსში შპს "ემ-კვადრატი" ობიექტის მიწისზედა მეორე სართულზე 190 000 დოლარის ღირებულების გარემონტებულ საოფისე ფართს სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცემს.

"კომპლექსის აშენებიდან ერთი თვის ვადაში კომპანია ასევე აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმისთვის, ბათუმში არანაკლებ 150 კვ.მ ფართის მქონე შენობა-ნაგებობით უზრუნველყოფის ვალდებულებას იღებს. მუზეუმში არსებული ბიბლიოთეკის საარქივო მასალებისა და სხვა მოძრავი ქონების ტრანსპორტირებაც უსასყიდლოდ მოხდება", - აცხადებენ სამინისტროში.