მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების დილერებმა აქცია გამართეს

მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების დილერები ხელისუფლებას გონივრული ვადის მიცემას სთხოვენ, რათა მათ ავტომანქანების შესაძენად ალტერნატიული ბაზრები მოიძიონ.

ამ მოთხოვნით დილერებმა დღეს საპროტესტო აქცია გამართეს რუსთავის ავტობაზრობაზე.

როგორც დილერები აცხადებენ, მათ კანონის ამოქმედების შემდეგ, იაპონიაში შესყიდვების შეჩერება სექტემბერში მოუწევთ და ფაქტობრივად, 1 წლიანი ვადა, რომელსაც კანონი ითვალისწინებს, მათთვის რეალურად 6 თვეს წარმოადგენს.

"ჩვენი მოთხოვნაა პირველ რიგში, ხელისუფლებამ მოგვცეს გონივრული ვადა, კანონის დამტიცების შემთხვევაში. სექტემბრიდან ჩვენ შესყიდვები იაპონიაში უნდა შევწყვიტოთ. ჩვენ გვჭირდება მინიმუმ ორი წელი, რათა სხვა მიმართულებაზე გადავერთოთ. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჩვენ ამ მდგომარეობიდან გამოსვლა შევძლოთ, თუმცა გვჭირდება დრო, რათა შევეცადოთ მინიმუმ სხვა მიმართულებებზე გადართვა", - განაცხადა "ნიუ ავტოს" წარმომადგენელმა გოგა მაჭარაშვილმა.

აქციაზე ასევე იმყოფება კოალიცია "საზოგადოებრივი ინიციატივის" წარმომადგენელი ვასო ურუშაძე. მისი თქმით, მისი ორგანიზაცია მარჯვენასაჭიანი ავტომობილების აკრძალვას ადვოკატირებას უწევს.

როგორც ურუშაძემ აღნიშნა, მარჯვენასაჭიან ავტომანქანებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის და მთავრობის სხვა წარმომადგენლების განცხადებამ დილერები უკვე ძლიერ დააზარალა.

"გამოვიდნენ მთავრობის სხდომაზე და განაცხადეს, რომ მარჯვენასაჭიანი ავტომობილები არის ცუდი. იწვევს საცობებს, ეკოლოგიური უსაფრთხოების კუთხით საფრთხის შემცველია და იმ დღიდან ბიზნეს სექტორი ფაქტობრივად, გაკოტრდა. დღეს უამავი ადამიანი, რომელსაც უნდა შეეძინა მარჯვენასაჭიანი ავტომანქანა, უარს ამბობს მის შეძენაზე. ადამიანებს ნაწილობრივ თანხა უკვე გადახდილი ჰქონდათ, თუმცა ამ ინიციატივის შემდეგ მიაკითხეს უკან დილერებს და იმ თანხის დაბრუნება მოსთხოვეს", - განაცხადა ურუშაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნულ ბიზნესში 20 ათასამდე ადამიანია დასაქმებული და ხელისუფლებას სურს, ამ ადამიანების უმეტესობა უმუშევრად და შემოსავლის გარეშე დატოვოს.