მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი 43.4%-ით, თხილის ექსპორტი კი 49%-ით შემცირდა

გალთ&თაგარტის ყოველკვირეული მიმოხვილვის თანახმად გასული კვირის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკაში რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენა აღინიშნა.

საგარეო ვაჭრობა: საქსტატის მონაცემებით, გრანტით დაფინანსებული C- ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატის გამორიცხვით, 2016 წლის თებერვალში იმპორტი წლიურად 11.1%-ით შემცირდა და 515.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ექსპორტი კი 5.1%-ით შემცირდა და 158.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. შედეგად, სავაჭრო დეფიციტი 13.5%-ით გაუმჯობესდა და 356.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ექსპორტის შემცირება ძირითადად განპირობებული იყო მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის 43.4%-იანი და თხილის ექსპორტის 49.0%-იანი კლების შედეგად. თებერვალში ზრდა დაფიქსირდა შემდეგ ძირითად საექსპორტო მიმართულებებზე: სპილენძი (+163.8% წ/წ), ღვინო (+54.8% წ/წ), სპირტიანი სასმელები (+133.0% წ/წ) და ოქრო (+70.0% წ/წ). 2016 წლის თებერვალში, 5 უმსხვილესი საიმპორტო საქონელი იყო: აირები (-31.3% წ/წ), ავტომობილები (-40.2% წ/წ), ნავთობი (-17.1% წ/წ), სპილენძი (+1.1% წ/წ) და მედიკამენტები (-30.2% წ/წ, C-ჰეპატიტის პრეპარატების გამორიცხვით).

ეკონომიკური ზრდა: საქსტატის მონაცემებით, 2015 წლის მე-4-ე კვარტალში რეალური მშპ-ს ზრდამ 2.9%, ხოლო 2015 წელს რეალური მშპ-ს ზრდამ 2.8% (უცვლელი წინასწარ მონაცემთან შედარებით) შეადგინა. მე-4 კვარტალში ზრდა დაფიქსირდა შემდეგ სექტორებში: მშენებლობა (+18.5% წ/წ), სასტუმროები და რესტორნები (+17.1% წ/წ), საფინანსო საქმიანობა (+16.3% წ/წ), უძრავი ქონება (+12.9% წ/წ) და სოფლის მეურნეობა (+9.8% წ/წ), ხოლო შემცირდა დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი (-4.6% წ/წ) და ვაჭრობა (-1.8% წ/წ).

საბანკო სექტორი: კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 2016 წლის თებერვალში წლიურად 14.1%-ით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხების წლიური ზრდა 4.5% იყო) და 16.2 მლრდ ლარი შეადგინა. საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა 2016 წლის თებერვალში წლიურად 18.0%-ით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით ზრდა 7.7% იყო) და 14.6 მლრდ ლარი შეადგინა. საანგარიშო პერიოდში უმოქმედო სესხები 3.3%-ს გაუტოლდა (წლიურად გაიზარდა 0.1%-ული პუნქტით).

სავალუტო აუქციონი: საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, 2016 წლის 21 მარტს სავალუტო აუქციონზე 10 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა. დოლარის შესყიდვა ეროვნულმა ბანკმა წელს მეორედ განახორციელა ლარის მკვეთრი გამყარების შესანელებლად. მიუხედავად ინტერვენციისა, ლარი წინა კვირაში 4.5%-ით, ხოლო წლის დასაწყისიდან 3.4%-ით გამყარდა აშშ დოლართან მიმართებაში. „

ნიკორა ტრეიდის“ ობლიგაციების გამოშვება: 2016 წლის 18 მარტს „ნიკორა ტრეიდმა“ 5 მლნ აშშ დოლარის ობლიგაციების სადებიუტო გამოშვება განახორციელა. ფასიანი ქაღალდების განთავსება „გალტ & თაგარტმა“ უზრუნველყო. ობლიგაციების ვადა 2 წელია. „ნიკორა ტრეიდი“ საქართველოში უმსხვილესი საცალო სავაჭრო კომპანიაა, 203 სავაჭრო ობიექტით დედაქალაქის ყველა უბანში და საქართველოს ექვს რეგიონში (დეტალები იხილეთ ობლიგაციების გვერდზე).