იორდანიის ბიზნესდელეგაცია ქართულ კომპანიებთან შეხვედრებს მართავს

იორდანიის ბიზნესდელეგაციის წარმომადგენლები სასტუმრო "რედისონში" ქართულ კომპანიებთან პირისპირ შეხვედრებს მართავენ.

ბიზნესფორუმის ორგანიზატორია საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა. ქართული კომპანიების წარმომადგენლებთან დაგეგმილია იორდანიის ბიზნესდელეგაციის 40-ზე მეტი B2B შეხვედრა.

როგორც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა აღნიშნა, იორდანიის ბიზნესდელეგაციის შემადგენლობაშია 6 კომპანიის 12 წარმომადგენელი, მათ შორის, უმსხვილესი საერთაშორისო კორპორაციები.

"ვიზიტის მიზანია, საქართველოს საინვესტიციო გარემოს გაცნობა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები როგორც მთავრობის, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლებთან. ისინი შეხვდებიან სახელმწიფო ფონდის ხელმძღვანელებს. გუშინ მათ შეხვედრები გამართეს საინვესტიციო სააგენტოსთან, სოფლის მეურნეობის სამინისტროში, საგარეო საქმეთა სამინისტროში. იორდანიული დელეგაციის შემადგენლობაში არიან ისეთი მსხვილი კომპანიები, როგორიცაა CCC და Ranco Capital. მათი ბრუნვა 5 მილიარდია. მათი საქმიანობის სფეროა უძრავი ქონება, ენერგეტიკა, ინფრასტრუქტურა, სასტუმროების მშენებლობა და საქართველოში შესაბამისი პროექტებით არიან დაინტერესებულები", - განაცხადა ჩიქოვანმა.

იორდანიაში საქართველოს ელჩის გრიგოლ ტაბატაძის განცხადებით, ღონისძიება ეკონომიკური დიპლომატიის ფარგლებში ხორციელდება და იორდანიის მხრიდან ინტერესი საკმაოდ სერიოზულია.

"იორდანია ისეთ რეგიონში იმყოფება, რომლის გარშემოც სერიოზული დესტაბილიზაციაა, ამიტომ ამ ქვეყნის ბიზნესის ინტერესია მოძებნოს ახალი ბაზრები. თუ ადრე შესაძლებელი იყო ერაყის, სირიის, იემენის ბაზარზე მათი მოქმედება, დღეს ისინი იძულებულები არიან ახალი ბაზრები მოძებნონ. აქედან გამომდინარე, მათი ინტერესი ახალი ბაზრებისა და საქართველოს მიმართ დიდია", - განაცხადა გრიგოლ ტაბატაძემ.

იორდანიის ბიზნესდელეგაცია საქართველოში ოთხდღიანი ვიზიტით იმყოფება.