ჩინეთში ქართული ღვინის პავილიონი "თამადა" გაიხსნა

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სინძიანის პროვინციის ქალაქ ურუმჩიში ქართული ღვინის პავილიონი "თამადა" გაიხსნა.

პავილიონი ქართული ღვინის ერთ-ერთმა მსხვილმა იმპორტიორმა კომპანიამ Xinjiang Beifaing Jianda Trade Co., LTD გახსნა.

პავილიონში დიდი მოცულობის ქვევრი, ღვინის თემატიკის არტეფაქტებისა და ნიკო ფიროსმანის ნახატების ასლებია განთავსებული.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ქართული ღვინის პავილიონი ემსახურება არამარტო ღვინის წარდგენას, არამედ ქართული კულტურისა და ადათ-წესების გაცნობას სინძიანის პროვინციის მოსახლეობისთვის. სტუმრებს ჩურჩხელის ამოვლებასა და ხინკლის მოხვევასთან ერთად, შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ ქართულ კულტურასა და ფოლკლორს.

საზეიმო ცერემონიას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი, სააგენტოს სპეციალური წარმომადგენელი ჩინეთში მაია ცქიტიშვილი და ჩინეთის "ჰუალინგ კორპორაციის" პირველი მდივანი გუ ქსიან იანი ესწრებოდნენ.

"ქართული ღვინისთვის ჩინეთი ძალიან მნიშვნელოვანი ბაზარია, სადაც ქართული ღვინის გაყიდვები ყოველწლიურად იზრდება. 2015 წელს ექსპორტმა 2,6 მლნ ბოთლს მიაღწია, რაც 122% პროცენტით არის გაზრდილი 2014 წელთან შედარებით. ჩინეთი ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში მეოთხე ადგილს იკავებს. ჩვენი ამოცანაა, რომ ექსპორტის ზრდასთან ერთად, ქართული ღვინის ხარისხიც შევინარჩუნოთ. მადლობა იმპორტიორ კომპანიას, რომელიც გაყიდვასთან ერთად, ქართული ღვინის ისტორიისა და კულტურის პოპულარიზაციასაც ეწევა" - აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.

ქალაქ ურუმჩიში, Xinjiang Beifaing Jianda Trade Co., LTD  მიერ, გახსნილია ქართული ღვინის ოთხი სალონი, ქართული ღვინისა და კულინარიის ორი ობიექტი. ასევე, სინძიანის პროვინციის ქალაქ ინინსა და ხორგოსში აღნიშნული კომპანიისა და მისი დისტრიბუტორების ინიციატივით, 3 ქართული ღვინის მაღაზია-სალონია გახსნილი - ჯამში 9 საუკეთესო ხარისხის ობიექტი, სადაც სტუმრები ქართულ ღვინოსთან ერთად საქართველოს კულტურასა და ტრადიციებს ეცნობიან.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე