თბილისი-თიანეთის საავტომობილო გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

თბილისი-თიანეთის საავტომობილო გზის გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, - ამის შესახებ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი ფოტორეპორტაჟის რუბრიკაში თბილისი-თიანეთის საავტომობილო გზაზე მიმდინარე გაწმენდითი სამუშაოების ამსახველ ფოტომასალას აქვეყნებს.

მათი ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე ძლიერი ქარბუქისა და თოვის მიუხედავად გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს და ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეუფერხებლად ხორციელდება.

"საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მეტეოროლოგიური პირობები გაუარესდა, ძლიერი თოვის გამო განსაკუთრებით რთული ვითარებაა მაღალმთიან რეგიონებში. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები და კონტრაქტორი ორგანიზაციები 24 საათიან რეჟიმში აწარმოებენ გზის გაწმენდით სამუშაოებს ყველა კრიტიკულ ადგილას", - ნათქვამია განცხადებაში.