მიხეილ ჯანელიძის ვიზიტის პარალელურად უნგრეთში ბიზნესფორუმი გაიმართა

უნგრეთში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის ფარგლებში, ბიზნესფორუმი გაიმართა, რომელიც ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გახსნეს.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მიხეილ ჯანელიძემ უნგრელ ბიზნესმენებს მოუწოდა საქართველოს საინვესტიციო პოტენციალით დაინტერესებისკენ და კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს მთავრობის მზაობა, ხელი შეუწყოს უნგრეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას.

უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კი, თავის მხრივ, ხაზი გაუსვა საქართველოს სატრანზიტო ფუნქციას და იმ მნიშვნელოვან როლს, რასაც ქვეყანა თამაშობს რეგიონული, ენერგეტიკული და სატრანზიტო პროექტების განხორციელების მიმართულებით.

"უნგრელ ბიზნესმენებს მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია საქართველოში არსებული ბიზნეს-გარემოსა და ხელსაყრელი საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ. მინისტრმა ასევე ისაუბრა საქართველოში სხვადასხვა მიმართულებით გატარებული რეფორმების და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ", - განმარტავენ სამინისტროს პრესსამსახურში.

ღონისძიებას ესწრებოდნენ, როგორც ქართველი ბიზნესმენები, ასევე ბიზნესსექტორის წარმომადგენლები უნგრეთიდან.