ოთარ დანელია ყატარის ეკონომიკისა და კომერციის მინისტრს შეხვდა

ყატარის სახელმწიფოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ყატარის ეკონომიკისა და კომერციის მინისტრს, შეიხ აჰმედ ბინ იასიმ ალ თანს შეხვდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ყატარის ეკონომიკისა და კომერციის მინისტრმა აღნიშნა, რომ მისი სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობების გაფართოება, სადაც ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით ვაჭრობაა.

მინისტრის განცხადებით, ერთობლივი საინვესტიციო პროექტების განხორციელებას, ბიზნესსექტორის ჩართულობის გააქტიურებას, ასევე, სავაჭრო მიმართულებით ლოჯისტიკის გაუმჯობესებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

ოთარ დანელიამ მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე საქართველოს აგროსასურსათო პროდუქციის საექსპორტო პოტენციალზე გაამახვილა ყურადღება. მხარეებმა თბილისში ბიზნესფორუმის გამართვისა და ერთობლივი საინვესტიციო პროექტების განხორციელებაზე ისაუბრეს.

შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი ყატარის სახელმწიფოში ეკატერინე მაიერინგ-მიქაძე დაესწრნენ.