EBRD-სა და "რუსთავის აზოტს" შორის 155-მილიონიან საკრედიტო ხელშეკრულებაზე მუშაობა ორ თვეში დასრულდება

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და "რუსთავის აზოტს" შორის გარიგება შედგა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, გარიგების დასრულებას "საპარტნიორო ფონდის" პროექტში მონაწილეობამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი.

მათივე ინფორმაციით, EBRD-ის მიერ პროექტის ფინანსირება მნიშვნელოვნად გაზრდის "რუსთავის აზოტის" საექსპორტო პოტენციალს, რაც როგორც საწარმოს, ასევე ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია.

"ნახევარსაუკუნოვანი გამოცდილების ქიმიური საწარმო "რუსთავის აზოტი" აზოტოვანი სასუქების ერთადერთი მწარმოებელია სამხრეთ კავკასიის რეგიონში.

საწარმოში ასევე მიმდინარეობს ამიაკის, ნატრიუმის ციანიდის, აზოტმჟავის, ამიაკის წყლის და სხვა პროდუქციის წარმოება.

"რუსთავის აზოტი" საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი საწარმოა, რომელსაც მყარი ადგილი უკავია როგორც შიდა, ასევე გარე ბაზარზე.

2015 წელი "რუსთავის აზოტმა" რეკორდული მაჩვენებლებით დაასრულა. დაფიქსირდა ამონიუმის გვარჯილის გამომუშავების შთამბეჭდავი ციფრი – 519 830 ტონა. ასევე ამიაკის გამომუშავებამ შეადგინა 234,256 ტონა, ხოლო აზოტმჟავას გამომუშავებამ 415,537 ტონა.

ასეთი წარმატებული წელი "რუსთავის აზოტის" ისტორიას არ ახსოვს. "რუსთავის აზოტის", როგორც ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი გადამხდელის, ექსპორტიორისა და დამსაქმებელი საწარმოს მთავარი პრიორიტეტია ტექნიკურ - ეკონომიური მაჩვენებლების გაუმჯობესება, მომხმარებელთა მოთხოვნების შესაბამისად პროდუქციის ხარისხის გაზრდა და საექსპორტო პოტენციალის გაორმაგება.

თითქმის ერთი წელია, აზოტის მენეჯმენტის მხრიდან მუშაობა მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პროექტის რეალიზებისთვის, რომელიც საწარმოს საექსპორტო პოტენციალის გაორმაგებას უზრუნველყოფს.

ერთწლიანმა მუშაობამ შედეგი გამოიღო, 155 მილიონიან საკრედიტო ხელშეკრულებაზე მუშაობა, საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან ერთად, ორ თვეში დასრულდება", - აცხადებენ კომპანიაში.