თბილისის მერია და CENN თბილისის გარემოსდაცვითი პროგრამის განხორციელებას იწყებენ

თბილისის მერია CENN-თან ერთად, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის გარემოსდაცვითი პროგრამის (TEP) განხორციელებას დაიწყებს.

როგორც CENN-ში აცხადებენ, პროგრამის მიზანია მონაწილეობრივი პლატფორმისა და დიალოგის ინსტიტუციური მოდელის შექმნა თბილისის გარემოსდაცვითი სტრატეგიის განხორციელების ინსტრუმენტების შემუშავებისათვის.

თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურმა პროგრამის მოდელი პარტნიორ სახელმწიფო, საზოგადოებრივ და სამეცნიერო ორგანიზაციებს წარუდგინა.

ინიციატივის ფარგლებში შეიქმნება სამუშაო ჯგუფები თბილისის გარემოსდაცვითი სტრატეგიის ორი კომპონენტის, "მწვანე საფარისა" და "მცენარეთა დაცვის", სამოქმედო გეგმების მოსამზადებლად.

შემოთავაზებული ინსტრუმენტი 2013 წლიდან წარმატებით ხორციელდება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში ეროვნული სატყეო პროგრამის (NFP) სახით, რომელიც სატყეო სექტორში ჩართულ მხარეებს, მათ შორის, დონორ ორგანიზაციებს აერთიანებს.

სამოქმედო გეგმების შემუშავებამ უნდა უზრუნველყოს გარემოსდაცვითი ღონისძიებების თანმიმდევრული განხორციელება, ფინანსური და ადამიანური რესურსების მობილიზება და პროცესში დაინტერესებული მხარეების მონაწილეობა.

CENN-ის გარემოსდაცვითი პროექტების კოორდინატორის, რეზო გეთიაშვილის ინფორმაციით, მერიაში გამართული შეხვედრიდან რამდენიმე მნიშვნელოვანი კომპონენტია გამოსაყოფი. პირველ ყოვლისა, აღსანიშნავია, რომ შეიქმნება ერთიანი სამუშაო ჯგუფი, სადაც არა მხოლოდ თბილისის მერიის გამწვანების სამსახური, არამედ არქიტექტურისა და ქონების მართვის სამსახურებიც ჩაერთვებიან. ასევე მნიშვნელოვანია, რომ პროცესში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს გარემოს დაცვის სამინისტრო. აპრილში დაგეგმილია ერთდღიანი სამუშაო შეხვედრა, სადაც დაინიშნებიან კოორდინატორები და გაიწერება ჯგუფის მოქმედების ფორმატი და სამუშაო გეგმა.

შეხვედრაზე ასევე გაჟღერდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ CENN-ის უკვე არსებულ მობილურ აპლიკაცია green watch-ს დაემატება ახალი ფუნქცია "ქალაქი", სადაც აისახება საქართველოს მასშტაბით ურბანულ სივრცეში არსებული ეკოლოგიური პრობლემები.