პენსიების ინდექსირება ინფლაციით შეცდომაა

საქართველოს მთავრობის ახალი ინიციატივის თანახმად, პენსიის ინფლაციით ინდექსირებაა მოსალოდნელი, რისი მაგალითიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში არსებობს. თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ განვითარებული უცხოური ქვეყნის, თუნდაც წარმატებული მაგალითი ყოველთვის როდია გამოსადეგი განვითარებადი საქართველოსთვის. ამის ასახსნელად გთავაზობთ ცნობილი ინგლისელი ეკონომისტის რობერტ „გიფენის პარადოქსს“.

ბატონმა გიფენმა ჯერ კიდევ XIX საუკუნის პირველ ნახევარში ირლანდიის მაგალითზე დაადასტურა, რომ დაბალშემოსავლიანი მოსახლეობისთვის სამომხმარებლო კალათის ძირითად პროდუქტებზე ფასების ზრდა (ინფლაცია), მასზე უფრო მაღალ მოთხოვნას განაპირობებს (შედეგად კი უფრო მაღალ ინფლაციას). კერძოდ, იმ დროის ირლანდიაში კარტოფილის ფასის ზრდის მიუხედავად მასზე მოთხოვნა არათუ მცირდებოდა, არამედ იზრდებოდა. საქმე კი იმაში იყო, რომ იმ პერიოდის ირლანდიაში დაბალშემოსავლიანი ოჯახებისთვის კარტოფილი კვების ძირითადი პროდუქტს წარმოადგენდა, მცირეოდენ ხორცთან ერთად. თუმცა, თუ მათ აქამდე თვეში რამდენიმე კილო ხორცის შეძენა შეეძლოთ, გაძვირებული ფასის პირობებში ისინი ამ პროდუქტს უკვე ვეღარ წვდებოდნენ და იძულებულნი იყვნენ ისევ კარტოფილის მოხმარება გაეზარდათ.

საქართველოს მაგალითზე ეს იმას ნიშნავს, რომ დაბალი შემოსავლების მქონე პენსიონერი (და არამხოლოდ პენსიონერი), რომელიც თავის შემოსავალს მთლიანად სამომხმარებლო კალათას ახმარს, ხელს უწყობს მისი ღირებულების მომდევნო ზრდას (ანუ ინფლაციას). მათი შემოსავლების ინფლაციით ინდექსირება ახალ ტვირთად დააწვება სახელმწიფო ბიუჯეტს და უმნიშვნელოდ თუ გაზრდის პენსიონერის შემოსავალს; მაშინ როდესაც: კარტოფილზე, პურზე და სხვა შედარებით დაბალფასიან, თუმცა ძირითადად სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასების ზრდა მის მოხმარებას არათუ შეამცირებს (შედარებით ძვირ პროდუქციაზე მოთხოვნის ზრდით), არამედ პირიქით. რაც ჯაჭვური ეფექტით ისევ მათ ფასზე ჰპოვებს ასახვას. შედეგად კი ვიღებთ ინფლაციურ სპირალს.

უფრო მეტიც, პენსიის ინდექსირება ინფლაციით არის საფუძველი იმისა, რომ შემდგომ ეტაპზე სკოლის მასწავლებლების, ჯარისკაცების, მაშველების, ექიმების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლების და ა.შ. ყველას ხელფასი უნდა გადავიდეს ანალოგიურ მოდელზე, რაც კიდევ უფრო დაამძიმებს მდგომარეობას და საბოლოოდ შეუძლებელს გახდის ინფლაციური სპირალისგან თავის დაღწევას.

ჩვენი აზრით, მთავრობის მიერ იგივე საკითხზე გამოთქმული მეორე ინიციატივა - „დაგროვებით საპენსიო სისტემაზე“ გადასვლასთან დაკავშირებით ბევრად უფრო საინტერესო წინადადებაა და მისი მომდევნო დამუშავებაა საჭირო. ამასთან ერთად, ინდექსაციასთან დაკავშირებით ჩვენი მოსაზრებების უკეთ გასაანალიზებლად სასურველია მოხდეს დეტალური კვლევის ჩატარება საქართველოს მაგალითზე, რადგანაც ამ მოდელს როგორც ზემოთ ვახსენეთ, გარკვეული ნეგატიური ეფექტებიც ახლავს თან.

ვახტანგ ჭარაია,

თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი