ბორჯომის გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლების პრემიის მუხლი 107 000 ლარით შემცირდა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის დიმიტრი ყიფიანის ინიციატივით, 107 000 ლარით შემცირდა გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლების შრომის ანაზღაურების ხარჯი პრემიის მუხლში.

როგორც ბორჯომის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, აღნიშნულ თანხას 2016 წლის 1 იანვრის გადმომავალი ნაშთიდან 54 100 ლარიც დაემატა.

გამგებლის განმარტებით, მოცემული თანხა მოხმარდება ისეთი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას, როგორიცაა ბორჯომში შშმ პირების ცენტრისა და №6 საჯარო სკოლაში სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია.

"შშმ პირების ცენტრის რემონტს 80 360 ლარი მოხმარდება, ხოლო დარბაზის მოსაწყობად 47 145 ლარი გაიხარჯება. მოგეხსენებათ, რომ სკოლები არ არის მუნიციპალიტეტის პირდაპირ დაქვემდებარებაში, თუმცა როგორც გასულ წელს, ამ წელსაც ადგილობრივი მუნიციპალიტეტი შესაძლებლობის ფარგლებში ხელს შეუწყობს სასწავლო გარემოს გაუმჯობესებას", - განაცხადა დიმიტრი ყიფიანმა.

აღსანიშნავია, რომ ორივე პროექტზე ტენდერია გამოცხადებული და გამარჯვებულის გამოვლენისთანავე დაიწყება სარეაბილიტაციო სამუშაოები.

განხორციელებული ცვლილების მიხედვით, თანხა დაემატა ასევე "საბიბლიოთეკო გაერთიანებას" ორი სოფლის ინტერნეტის მომსახურებისათვის და ააიპ "ბორჯომის გამწვანება 2012"-ის სამსახურს ნერგების შესაძენად. მუნიციპალიტეტი ასევე უზრუნველყოფს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში და საციგაო სპორტში გამარჯვებული სპორტსმენებისა და მწვრთნელების ფულადი ჯილდოს სახით წახალისებას.