ბოლნისში 5 000 სხვადასხვა ჯიშის ნერგი დაირგო

ბოლნისის მუნიციპალიტეტში 5 000 სხვადასხვა ჯიშის ნერგი დაირგო. როგორც ბოლნისის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, ბოლნისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე გამწვანების ფართომასშტაბიან აქციებს კვლავ აგრძელებს.

ელდარისა და კავკასიური ფიჭვები, ქართული მუხა, საპნის ხე, იფანი, თრიმლი და ფშატი ეს იმ ხის ჯიშების ჩამონათვალია, რომლებიც ქალაქისა და სოფლების ტერიტორიებზე დაირგო. ქალაქ ბოლნისში არსებული ყოფილი სასროლეთის ტერიტორიაზე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი მეშველიანმა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორთან პაატა ხიზანაშვილთან ერთად მიიღო მონაწილეობა. ფართომასშტაბიან აქციაში გამწვანების სამსახურის თანამშრომლების გარდა, საკრებულოს დეპუტატები და გამგეობის სხვადასხვა სამსახურის თანამშროლები დიდი ენთუზიაზმით ჩაერთნენ", - აცხადებენ მუნიციპალიტეტში.

მათივე თქმით, ყოფილი სასროლეთის ტერიტორია შემორაგულია. ნარგავების გასახარებლად უახლოეს მომავალში ტერიტორიაზე წვეთოვანი სარწყავი სისტემა დამონტაჟდება.

გამწვანების აქცია ასევე ჩატარდა მწვანე მომავლის ბაღშიც, სადაც გასულ წელს 650 ძირი ფიჭვი დაირგო და მუნიციპალიტეტმა ტერიტორია სარწყავი სისტემებით უზრუნველყო. ნარგავებზე პასუხისმგებლობა და მისი შემდგომი მოვლა-პატრონობა გამწვანების სამსახურს დაევალა.

,,ჩვენ ვაგრძელებთ უკვე ტრადიციად ქცეულ გამწვანების აქციებს. ამჯერად ყოფილი სასროლეთის ტერიტორიაზე 3 ჰექტარზე მეტ ფართობზე ირგვება 4000 ძირამდე სხვადასხვა ჯიშის ხე. პროექტი შედგენილია სატყეო დეპარტამენტის მიერ და მათი რეკომენდაციის გათვალისწინებით ჩვენ განვახორციელებთ არა მხოლოდ ამ ხეების დარგვას. ჩვენ უახლოეს პერიოდში შევისყიდით ამ ტერიტორიის გასარწყავიანების პროექტს და ყველა ჩვენს მიერ დარგული ნერგი უზრუნველყოფილი იქნება წვეთოვანი სარწყავი სისტემით, რათა გახარების მაჩვენებელი იყოს მაღალი, 90%-ზე მეტი, როგორც წინა შემთხვევებში გვქონდა. ჩვენ ვფიქრობთ შემოდგომაზეც მსგავსი აქციის გამართვას. უშუალოდ ამ ტერიტორიაზე შესაძლებელია 5000-მდე ნერგის დარგვა და ვფიქრობთ, ერთ-ერთი საინტერესო, გამწვანებული ტერიტორია შეემატება ქალაქს", - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი მეშველიანმა.