გიორგი ჭირაქაძე – თბილისის მერთან ბიზნესსექტორს ბევრი კითხვა აქვს

ბიზნესასოციაციის პრეზიდენტ გიორგი ჭირაქაძის განცხადებით, არის ძალიან ბევრი კითხვა და საკითხი, რაც ბიზნესს თბილისის მერთან აქვს , - ამის შესახებ ჭირაქაძემ ბიზნესასოციაციის წევრებისა და დედაქალაქის მერიის წარმომადგენლებთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

ჭირაქაძის თქმით, შეხვედრის მიზანია, ბიზნესმა გაიგოს, თუ რას აპირებს მერია, გაეცნოს მის მიზნებსა და გეგმებს.

"ჩვენ ვაპირებთ ვისაუბროთ ყველა საკითხზე. ყველამ ვიცით, რომ არის თემები, დაგროვილია პრობლემები. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი შეხედულებები გავაცნოთ მერიას, რათა საკითხების ეფექტურად გადაწყვეტა მოხდეს. გვინდა მოვიპოვოთ კომუნიკაციის და ურთიერთობის ეფექტური მექანიზმი, თუ როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემები, რაც დღეს არის", - განაცხადა გიორგი ჭირაქაძემ.

კითხვაზე, თუ რა კითხვები აქვს ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს დედაქალაქის მერთან, ჭირაქაძემ აღნიშნა, რომ არის ძალიან ბევრი პრობლემა, მაგალითად ინფრასტრუქტურულ საკითხებთან დაკავშირებით.

"ჩვენთვის მთავარია, რომ იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რაც ბიზნესს აქვს, რაც შეიძლება სწრაფად ხდებოდეს კომუნიკაცია და შეგვეძლოს ეს თემები გადავწყვიტოთ. ჩვენ ვიცით, რომ მერია და მერი ორიენტირებულნი არიან, რომ ეს საკითხები მოგვარდეს და დღეს სწორედ ამ ყველაფერზე ვისაუბრებთ", - აღნიშნა გიორგი ჭირაქაძემ.