ინოვაცია ქართულ ბაზარზე - მაჯის ხელნაკეთი საათები უკვე იყიდება

ქართულ ბაზარზე ახალი ბრენდი Handy გამოჩნდა. მაჯის ხელნაკეთი საათები წიფლისა და მუხის ხისგან, ასევე ნატურალური ტყავის გამოყენებით მზადდება. კომპანია მომხმარებლებს ქალისა და მამაკაცის საათებს სთავაზობს.

იდეის ავტორები 22 წლის სტუდენტები ნიკა გიგაია და სოფო გურასაშვილი არიან. როგორც Handy-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი სოფო გურასაშვილი ,,ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას აცხადებს, მათ მიერ დამზადებული ხელნაკეთი საათები ორი კვირაა, რაც იყიდება.

,,6 თვის წინ გაგვიჩნდა ხის მასალისგან საათების დამზადების იდეა. დიზაინზე თავად ვმუშაობთ. საათის მექანიზმს კი სხვადასხვა საიტიდან ვიწერთ. ვცდილობთ, პროდუქციის ხარისხისა და ვიზუალის გაუმჯობესებას”, - აღნიშნავს სოფო გურასაშვილი.

Handy-ს დამფუძნებლები ახლო მომავალში მაღაზიის გახსნასაც აპირებენ. ამ ეტაპზე კი პროდუქციის შეძენა მხოლოდ სოციალური ქსელის საშუალებითაა შესაძლებელი.

ქრისტინე გამთენაძე

წაიკითხეთ ინგლისურ ენაზე Georgian Journal-ზე