“სითი პარკის” საჯარიმო ავტოსადგომთან საპროტესტო აქცია გაიმართა

“სითი პარკის” საჯარიმო ავტოსადგომთან საპროტესტო აქცია გაიმართა. აქცია პოლიტიკური პარტია ”თავისუფალი საქართველოს" ორგანიზებით გაიმართა.

როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, ”სითი პარკს” ავტომობილები უკანონოდ გადაჰყავს საჯარიმო ავტოსადგომზე, რადგან ხშირ შემთხვევში, ეს ავტომობილები არ აფერხებენ საგზაო მოძრაობას.

”ვითხოვთ საერთოდ გაუქმდეს ”სითი პარკი”, ან მოხდეს მისი კანონის ფარგლებში მოქცევა. კომპანიას საჯარიმო სადგომზე გადაჰყავს ის ავტომობილები, რომლებიც საგზაო მოძრაობას არ აფერხებენ, რაც კანონის დარღვევაა. ჩვენ გავმართავთ პერმანენტულ აქციებს ამ მოთხოვნით, იგეგმება ფართომასშტაბიანი აქციის გამართვაც. ”თავისუფალი საქართველო” მოქალაქეებს უფასო იურდიული დახმარბის გაწევას სთავაზობს, ჩვენ მოქალაქეებს ვთავაზობთ უფასო იურიდიულ დახმარებას, ყველა მოგებულ საქმეზე კი გადახდილი 60 ლარი მათ უკან დაუბრუნებათ,”- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

აქციას ”დემოკრატიული ისნტიტუტის” ხელმძღვანელი ლაშა ჩხარტიშვილი შეურთდა. მისი თქმით, საჭიროა კომპანია ”სითი პარკმა” მოაწყოს ავტოსადგომები, რისი ვალდებულებაც მას გააჩნია, ასევე მოხდეს ჯარიმის სახით განსაზღვრული თანხის ოდენობის შემცირება.

”თბილისში ფუნქციონირებს ფიქტიური კომპანია, რომელიც ორიენტირებულია მაქსიმალურად ჯარიმების გამოწერაზე. ამავე დროს ეს კომპანია არ ცდილობს მოაწყოს პარკირებისთვის ადგილები, მათ მხოლოდ რამდენიმე ადგილი მოხატეს საღებავით და დაარქვეს მათ ავტოსადგომები. რეალურად, თბილისში მათ არ მოუწყვიათ არც მიწისქვეშა და არც მიწისზედა პარკირების ტერიტორიები. ვითხოვთ შემცირდეს ტარიფები, რადგან ამ დროისთვის დაწესებული ჯარიმა სრულიად შეუსაბამოა”, - განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.

”თავისუფალი საქართველო” იმ მოქალაქეებს, რომლებიც ”სითი პარკმა” დააჯარიმა, უფასო იურდიულ მომსახურებას სთავაზობს. მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ ნომერზე: 593 31 22 00 ან მიმართონ ”თავისუფალი საქართველოს” ოფისს.