გიორგი კვირიკაშვილი - ტრანსანატოლიის პროექტის შედეგად, საქართველოს, როგორც სანდო სატრანზიტო პარტნიორის როლი კიდევ უფრო გაიზრდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ტრანსანატოლიის გაზსადენის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

როგორც პრემიერმა გამოცემა caspianenergy.net-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, ტრანსანატოლიის გაზსადენის მშენებლობა უკვე დაიწყო და წარმოების საწყის ეტაპზე გაზსადენი გაზრდის სამხრეთის დერეფნის მეშვეობით ტრანსპორტირებული გაზის მოცულობას წელიწადში ექვისადან 22 მილიარდ კუბომეტრამდე.

”შედეგად, ადგილობრივ ბაზარზე დამატებითად ხელმისაწვდომი იქნება 0,8 მილიარდი კუბური მეტრი გაზი. ბუნებრივი აირის სამხრეთის დერეფანი კიდევ უფრო გაფართოვდება თურქმენული გაზის ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად. მას შემდეგ, რაც დაგეგმილი პროექტები და რეგიონალური ინიციატივები განხორციელდება, საქართველოს, როგორც სანდო სატრანზიტო პარტნიორის როლი კიდევ უფრო გაიზრდება, ასევე განმტკიცდება მისი ენერგოუსაფრთხოება და ეკონომიკური განვითარება”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, ტრანსანატოლიის ფართომასშტაბიანი პროექტი ხელს შეუწყობს ეკონომიკურ განვითარებას საქართველოში.

”ბუნებრივი აირის სამხრეთის დერეფნის კონსორციუმი ახორციელებს მრავალმილიონიან ინვესტიციებს საქართველოში ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად, რის შედეგადაც იქმნება სამუშაო ადგილები და უზრუნველყოფილია ფართომასშტაბიანი ინდუსტრიული განვითარების მხარდაჭერა”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მანვე საქართველოში ინვესტირების მხრივ მთავარი პრიორიტეტები დაასახელა და ამ მიმართულებით ხაზგასმით აღნიშნა ენერგეტიკის სექტორი.

”საქართველოში ინვესტირების მხრივ მთავარი პრიორიტეტებია სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა, ტურიზმი და ტრანსპორტი/ლოგისტიკა. მინდა ხაზგასმით გამოვყო ენერგეტიკის სექტორი, რადგანაც ჩვენს ქვეყანაში ენერგორესურსების მზარდი მოხმარება, რასაც ერთვის გამოუყენებელი ჰიდრორესურსების დიდი მარაგი, ქმნის მყარ საფუძველს უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად. გარდა ამისა, კარგად განვითარებული კავშირები მეზობელ ქვეყნებთან და კონკრეტული საექსპორტო ბაზრების ხელმისაწვდომობა გვაძლევს შესაძლებლობას, კიდევ უფრო გავზარდოთ ჩვენი ადგილობრივი ჰიდრორესურსების ექსპლუატაციის მასშტაბი გამარტივებული და გამჭვირვალე რეგულაციების გზით. მთავრობამ ხელი მოაწერა აგრეთვე ათობით ურთიერთგაგების მემორანდუმს ინვესტორებთან, რაც მიზნად ისახავს ყველა ზომის ელექტროსადგურების შექმნას”, - აღნიშნა კვირიკაშვილმა.