საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა აბრეშუმის გზის საერთაშორისო პალატის წევრი გახდა

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა აბრეშუმის გზის საერთაშორისო პალატის წევრი გახდა. დღეს, სასტუმრო ”თბილისი მარიოტში”, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და საერთაშორისო ვაჭრობის აბრეშუმის გზის საერთაშორისო პალატას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოეწერა. ამასთანავე, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი საერთაშორისო ვაჭრობის აბრეშუმის გზის პალატის ვიცე-პრეზიდენტი გახდა.

როგორც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში აცხადებენ, მსგავსი მემორანდუმების გაფორმება თანამშრომლობის პოტენციას ზრდის და საშუალებას აძლევს ბიზნესმენებს, კომპანიებსა და მეწარმეებს, დაამყარონ კონტაქტები, განავითარონ პარტნიორული ურთიერთობები და საერთაშორისო კომერციულ ქსელებში ჩაერთონ.

”თბილისში ვიზიტად იმყოფება აბრეშუმის გზის პალატის დელეგაცია მისი პრეზიდენტის ლიუ იანზონგის ხელმძღვანელობით. აბრეშუმის გზის საერთაშორისო პალატა დაფუძნებულია ჩინეთში. მისი დამფუძნებელია, სხვადასხვა ქვეყნის საერთაშორისო სავაჭრო პალატები და ბიზნესგაერთიანებები. ეს არის პლატფორმა რეგიონის ქვეყნების კერძო სექტორებს შორის კომუნიკაციის, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისა და დამყარების მიზნით. აბრეშუმის გზის პალატის დელეგაციამ საქართველოდან დაიწყო, რაც ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა და ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენი ქვეყნის ისტორიულ როლს, როგორც კარიბჭეს ევროპასა და აზიას შორის. საქართველოს სავაჭრო-სამრეწვეოლო პალატამ დღეს შეთანხმებასა და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი და ასევე ხდება აბრეშუმის საერთაშორისო პალატის წევრი, რაც კიდევ ერთ საშუალებას მისცემს ბიზნესს, დაამყაროს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები და ხელი შეეწყოს ქართული პროდუქციის ექსპორტს როგორც ჩინეთში, ასევე აბრეშუმის რეგიონის სხვა ქვეყნებში”, - განაცხადა ნინო ჩიქოვანმა.

ღონისძიებაზე ახალი პროექტების - ”ელექტრონული აბრეშუმის გზისა” და ”აბრეშუმის გზის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების ფონდის” პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიებას ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი დავით საგანელიძე, ბიზნესსექტორის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

საერთაშორისო ვაჭრობის აბრეშუმის გზის პალატის ვიზიტის ორგანიზატორია საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა. დელეგაცია სამდღიანი ვიზიტით თბილისს 3 აპრილს ეწვია.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინფორმაციით, დელეგაციამ შეხვედრები გამართა - საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, ვიცე-პრემიერ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან, საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელ დავით საგანელიძესთან.