ღვინის სააგენტო - საქართველოდან, იანვარ-მარტში, გასულ წელთან შედარებით, 51%-ით მეტი ღვინოა ექსპორტირებული

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2016 წლის იანვარ-მარტში საქართველოდან მსოფლიოს 26 ქვეყანაში ექსპორტირებულია 7 694 748 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 51%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს.

როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 18 144 738 აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 20%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.

ამასთან, მსოფლიოს 10 ქვეყანაში ექსპორტირებულია 2 193 395 ბოთლი (0,75 ლ) ბრენდი, რაც 116%-ით აღემატება 2015 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 5 046 166 აშშ დოლარის ღირებულების ბრენდი - მატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 70%-ს აღწევს.

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი - 4 077 797, უკრაინა - 1 088 862, ყაზახეთი - 784 844, პოლონეთი - 443 208 და ჩინეთი - 371 295 ბოთლი.

საანგარიშო პერიოდისთვის ექსპორტის მატება დაფიქსირდა: რუსეთი - 124% (4 077 797), უკრაინა - 66% (1 088 862), პოლონეთი - 26% (443 208), ლიტვა - 34% (137 448 ), ყირგიზეთი - 70% (67 746), აშშ - 19% (62 448), გერმანია - 89% (80 814), ჩინეთი - 2% (371 295), ბელორუსი - 297% (61 920), დიდი ბრიტანეთი - 40% (21 432) და სხვა.

მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა საანგარიშო პერიოდში 33,1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა.