დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე სიღნაღის საკრებულოს წევრები და გამგეობის თანამშრომელი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სიღნაღის საკრებულოს წევრები გიორგი მათეშვილი და იოსებ ბეგიაშვილი და სიღნაღის მუნიციპალიტეტის თანამშრომელი ბესიკ ბალარჯიშვილი დააკავა.

როგორც საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, გატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი გიორგი მათეშვილი, ამავე საკრებულოს წევრი იოსებ ბეგიაშვილი და სიღნაღის მუნიციპალიტეტის თანამშრომელი, ბესიკ ბალარჯიშვილი დააკავა.

გამოძიების მიერ დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 1 ლარად შესყიდვაში დახმარების სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს 100 000 ლარი, ხოლო წინასწარ გამოართვეს 60 000 ლარი. დაკავებულთა პირადი ჩხრეკისას საგამოძიებო სამსახურის მიერ ამოღებულია ქრთამის სახით აღებული თანხა.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილი „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 11-დან 15 წლამდე ვადით.