სტრატეგიული პროდუქციით ვაჭრობა - გლობალური უსაფრთხოება, ეროვნული ინტერესები და ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები

იანვრიდან საქართველოდან საუდის არაბეთში სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურმა ცენტრმა „დელტამ“ 12 ერთეული სამედიცინო საევაკუაციო MEDEVAC-ის ტიპის ჯავშანტექნიკა გააგზავნა.

ამის საფუძველი თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ საჯარო სამართლის იურიდიულ პირ „დელტასა“ და საუდის არაბეთს შორის 2015 წლის დეკემბერში გამორმებული კონტრაქტია. კონტრაქტის თანახმად, კიდევ იგეგმება დამატებითი ჯავშანტექნიკის შესყიდვა საუდის არაბეთის მიერ.

სამხედრო და ორმაგი დანიშნულების მასალებისა და პროდუქციის ექსპორტი, იმპორტი, ტრანზიტი, საბროკერო მომსახურება და ტექნიკური დახმარება, ჩვეულებრივი სავაჭრო რეგულაციებისაგან განსხვავებული რეჟიმით ხორციელდება, რადგან საკითხს ეკონომიკური განზომილების გარდა, უსაფრთხოების ასპექტიც გააჩნია. თუ ორმაგი დანიშნულების პროდუქციის განმარტებას მოვიშველიებთ, საქმე ეხება ისეთ მასალებს, პროდუქციას ან ტექნოლოგიებს, მათ შორის კომპიუტერულ პროგრამებს, რომელთა გამოყენება შესაძლებელია იარაღის, მათ შორის, მასობრივი განადგურების იარაღის დასამზადებლად.

საქართველომ, როგორც გაერო-ს წევრმა ქვეყანამ, ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა სტრატეგიული პროდუქციით ვაჭრობის რეგულაციების დახვეწისა და დასავლურ მიდგომებთან ჰარმონიზების თვალსაზრისით.

საქართველოში სამხედრო და ორმაგი დანიშნულების მასალების ბრუნვას  „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ბრუნვის კონტროლის შესახებ“ კანონი არეგულირებს, რომლის  განახლებული ვერსია ძალაში 2014 წ. 1 ოქტომბრიდან შევიდა. ახალმა კანონმა სრულიად ახალი საფუძველი შექმნა ორმაგი დანიშნულების პროდუქციის იმპორტ-ექპორტის კონტროლისთვის საქართველოში. აღსანიშნავია ისიც, რომ ორმაგი დანიშნულების მასალების ნუსხები სრულ შესაბამისობაშია ევროკავშირის რეგულაციებთან.

ექსპორტის კონტროლის აღნიშნული სისტემა ხელს უწყობს საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის ნორმებთან და სტანდარტებთან, ასევე ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაში აღებულ ვალდებულებებთან შესაბამისობაში მოყვანას, რომელიც გულისხმობს ეფექტიანი ეროვნული ექსპორტის კონტროლის რეჟიმის ჩამოყალიბებას, კერძოდ, „მასობრივი განადგურების იარაღთან დაკავშირებული პროდუქციის ექსპორტისა და ტრანზიტის მკაცრ კონტროლს, მასობრივი განადგურების იარაღთან დაკავშირებული ორმაგი ტექნოლოგიების საბოლოო მომხმარებლის კონტროლს და მკაცრი სანქციების დაცვას ექსპორტის კონტროლის დამრღვევების მიმართ“.

ახალი კანომდებლობა განსაზღვარავს სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციით ვაჭრობისათვის შესაბამისი ნებართვების გამცემ უწყებებს, რომელსაც ორმაგი დანიშნულების პროდუქციის შემთხვევაში, წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემადგენლობაში არსებული შემოსავლების სამსახური, ხოლო სამხედრო პროდუქციის შემთხვევაში, რეკომენდაციას გასცემს თავდაცვის სამინისტრო. ზემოთ აღნიშნული სსტც „დელტა“ ახალი კანომდებლობის ობიექტია. კანონი მხოლოდ რიგ სუბიეტქებს ათავისუფლებს სპეციალური ნებართვებისაგან, მათ შორის სამინისტროებსა ან მათ გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებზე, აგრეთვე სახელმწიფო-საექსპერტო დაწესებულებაზე.

„დელტა“ წარმოადგენს თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში არსებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს და სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტისათვის საჭიროებს ექსპორტის ნებართვას.

ნებართვა გაიცემა კონკრეტულ რაოდენობაზე კონკრეტული დროის მონაკვეთში და მისი პირობები მკაცრად კონტროლდება. საბოლოო მომხმარებლის სერტიფიკატი წარმოადგენს ცნობას, რომელიც ადასტურებს ვინ არის ამ პროდუქციის მომხმარებელი საბოლოოდ. ანუ სახელმწიფო აკონტროლებს ვის ხელში ხვდება აღნიშნული პროდუქცია. სანქცირებულ ქვეყნებში, იმ ქვეყნებში, რომლებიც არღვევენ ადამიანის უფლებებს, ან სადაც მიმდინარეობს შეიარაღებული კონფლიქტი, სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტზე ნებართვას არ გასცემს თავდაცვის სამინისტრო.

რეკომენდაციის მიცემისა და ექსპორტის ლიცენზიის გაცემის მთავარი კრიტერიუმებია:

1. საქართველოს ეროვნული და უსაფრთხოების ინტერესები;

2. გაუვრცელებლობის საკითხებზე საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებები.

3. საბოლოო დანიშნულების ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვა, ასევე, ამ ქვეყნის მიერ საერთაშორისო ჰუმანიტარული ნორმების დაცვა;

4.საბოლოო დანიშნულების ქვეყნის შიდა მდგომარეობა დაძაბულობის და შეიარაღებული კონფლიქტების მხრივ;

5. რეგიონში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნება;

6. მყიდველი ქვეყნის დამოკიდებულება ტერორიზმისადმი, მისი მოკავშირეების და მის მიერ საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვის მდგომარეობა;

7. პროდუქციის ტერორისტულ ორგანიზაციაზე ანტერორისტზე გადაცემის რისკი;

8. პროდუქციის შესაბამისობა მიმღები ქვეყნის ტექნიკურ და ეკონომიკურ შესაძლებლობებთან.

საინტერესოა კიდევ ერთი მაგალითი, რომ უკეთ წარმოვიდგინოთ კონტროლის მთელი სისტემა. ლოგისტიკური და სატრანსპორტო კომპანიები, რომელთაც სამხედრო და ორმაგი დანიშნულების ტვირთი ტრანზიტით შემოაქვთ ან ექსპორტს ახორციელებენ, მიმართავენ თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ დეპარტამენტს, რომელიც მას შემდეგ, რაც კომპანია წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტაციას, მათ შორის საბოლოო მომხმარებლის სერტიფიკატს, უნდა უზრუნველყოს ექსპორტის ლიცენზიის გაცემა. ნებართვის აღების შემდეგ ეს კომპანიები საპატრულო პოლიციას და საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტს მიმართავენ, რათა მათ ესკორტით უზრუნველყონ ამ ტვირთების დაცვა. ეს მომსახურეობა ფასიანი და დამქირავებელმა კომპანიამ უნდა გადაიხადოს სერვისის საფასური. ამგვარი ტვირთები დაცვის განსაკუთრებულ რეჟიმს ექვემდებარებიან, რაც ასევე საერთაშორისო ვალდებულებების ნაწილია.

ასევე საინტერესოა შემოსავლების სამსახურის სტატისტიკა ნებართვების გაცემის შესახებ. შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, კანონის ძალაში შესვლიდან ერთი წლის განმავლობაში გაიცა დაახლოებით 235 ნებართვა. აქედან ერთ კომპანიას ეთქვა უარი პროდუქციის ექსპორტზე; როგორც ირკვევა მიზეზი პროდუქციის ირანიდან ტრანზიტი. იმ პერიოდში ირანი სანქცირებული ქვეყნების რიგს ეკუვნოდა.

ასევე, არის შემთხვევები, როდესაც ნებართვა არ გაიცა იმ მიზეზით, რომ კომპანიის ტრანზიტით სურდა შემოეტანა პროდუქცია, რომელიც ორმაგი დანიშნულების ნუსხის ტექნიკურ მაჩვენებლებს არ შეესაბამებოდა.

ერთ-ერთი შემთხვევის დროს სადეტონაციო ზონრებისა და სამრეწველო ასაფეთქებლების იმპორტის მცდელობისას იმპორტიორს უარი ეთქვა ნაწარმის შემოტანაზე. ამ შემთხევვაში ნაწარმის შემადგენლობაში შედიოდა ასაფეთქებელი მასალა მეთანდეტონიტი, რომელიც წარმოადგენს ამონიუმის ნიტრატის, ტრინიტროტოლუოლის (TNT) და ინერტული მარილის ნარევს და რომლის დეტონაციის სიჩქარეა 3000 მ/წმ, რაც მნიშვნელოვნად აღემატება ნუსხით დაშვებულ აფეთქების სიჩქარეს.

მეორე შემთხვევა კი ასეთია, ექსპორტიორმა წარმოადგინა Ultra X -გაზის მონიტორები ტოქსიკური ნივთიერებების გამოსავლენად. ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ნუსხის შესაბამისად, კონტროლს ექვემდებარება ტოქსიკური გაზების მონიტორინგის სისტემები და მათი დეტექტორები. იმ აირების ჩამონათვალი, რომლის გამოვლენასაც ახდენს აღნიშნული პროდუქტი, არ შეესაბამება ნუსხაში მითითებულ ქიმიკატებს და სხვა მახასიათებლებს, რის გამოც აღნიშნული პროდუქტი ექსპორტის ნებართვა არ გაიცა.

ეს ორი მაგალითი ცხადყოფს, რამდენად კომპლექსური სფეროა სამხედრო და ორმაგი დანიშნულების მასალების ბრუნვის კონტროლი. რეგულაციები მოითხოვს ერთდორულად მრავალგანზომილებიან მიდგომებს და შესაძლებლობებს, გაუვრცელებლობის სფეროში საერთაშორისო ვალდებულებების დაცვას, ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებას და შესაბამისი სამეცნიერო-ტექნიკური პოტენციალის არსებობას.

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო საბჭო თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებში“ დაინტერესდა ექსპორტის კონტროლის არსებული კანონმდებლობის და პრაქტიკის შესწავლით საქართველოში. კვლევა ამერიკის ენერგეტიკის დეპარტამენტი არგონის ლაბოროტორიის მხარდაჭერით მომზადდა.

კვლევის საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს სტრატეგიული პროდუქტებით ვაჭრობის რეგულაციები დასავლურ მიდგომებს ემყარება და აღიარებს სტრატეგიულ პროდუქტებზე  საერთაშორისო რეჟიმის ყველა მოთხოვნას. საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებთან შესაბამისობაში ყოფნა მნიშვნელოვანია საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისა და ეკონომიკურ გამოწვევებზე საპასუხოდ, მათ შორის გლობალურ და რეგიონული მნიშვნელობის საფრთხეებზე რეაგირებისათვის, ასევე მისი ეკონომიკური განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ამოცანების შესასრულებლად, როგორიცაა შეინარჩუნოს აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებით სატრანზიტო ქვეყნის მიმზიდველობა; უზურნველყოს ქვეყანის ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი, მოიზიდოს ინვესტიციები (მათ შორის მაღალტექნოლოგიურ სფეროში) და დროულად შეათანხმოს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმები მსოფლიოს მრავალ სახელმწიფოსთან, მათ შორის წარმატებით დაასრულოს მიმდინარე მოლაპარაკებები ევროკავშირთან, აშშ და ჩინეთთან.

შორენა ლორთქიფანიძე

იხილეთ მასალის ინგლისურენოვანი ვერსია