აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა თელ-ავივში „აჭარის დღეს“ უმასპინძლა

რეგიონის ტურისტული პოტენციალისა და პროდუქტების პოპულარიზაციის მიზნით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ისრაელის დედაქალაქ თელ-ავივში „აჭარის დღეს“ უმასპინძლა.

როგორც აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში აცხადებენ, ოფიციალურ საღამოზე, რომელსაც წამყვანი ადგილობრივი მედიის, ტურისტული სააგენტოებისა და დიპლომატიური კორპუსის 100-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა, პოპულარიზაცია გაეწია ქართულ ტრადიციულ კერძებს, ფოლკლორსა და ცეკვებს.

საღამოს სტუმრებს ოფიციალურად მიმართა საქართველოს საგანაგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ისრაელში პაატა კალანდაძემ და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე მამუკა ბერძენიშვილმა, რომლებმაც საქართველოსა და ისრაელს შორის არსებულ მეგობრობაზე და აჭარაში ებრაელი ტურისტებისა და ავიაკომპანიების მზარდ რაოდენობაზე გაამახვილეს ყურადღება.

„ჩვენი მიზანია „აჭარის დღეებით”, რომელიც თელ-ავივის გარდა მინსკში, ასტანასა და ვარშავაში იგეგმება, პოპულარიზაცია გავუწიოთ რეგიონის ტურისტულ პროდუქტებს, განსაკუთრებით კი არამატერიალურ კულტურას და სამზარეულოს. ჩვენმა ღონისძიებამ თელ-ავივში საშუალება მისცა სტუმრებს, გასცნობოდნენ ჩვენს ფოლკლორსა და ცეკვებს, ადგილზე დაეგემოვნებინათ ქართული სამზარეულოს სავიზიტო ბარათები და თავადაც მიეღოთ მონაწილეობა კულინარიულ მასტერკლასში. მინდა აღვნიშნო, რომ ადგილობრივმა მედიასაშუალებებმა და ღონისძიების დამსწრე საზოგადოებამ დიდი ინტერესი გამოხატა ჩვენი რეგიონის მიმართ, რაც საბოლოო ჯამში მიმდინარე წელს აჭარაში შემოსული ებრაელი ტურისტების რაოდენობაზე აისახება,“- განაცხადა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამეტის თავმჯდომარე მამუკა ბერძენიშვილმა.

თელ-ავივში გამართულ აჭარის დღეზე იმყოფებოდა შუახევის კულტურის ცენტრთან არსებული ფოლკლორული ანსამბლი „შუახევი“, რომელმაც სტუმრებს ქართული ხალხური სიმღერები გააცნო.

აჭარის დღე თელ-ავივში აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ორგანიზებით, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ისრაელში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით ჩატარდა.

ისრაელის გარდა „აჭარის დღეებს“ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი მინსკში, ვარშავასა და ასტანაში გამართავს, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს რეგიონის ცნობადობის გაზრდას სამიზნე ქვეყნებში.