სოხუმსა და თბილისში პირველი ქართული რეკლამა გადაიღეს

სოხუმსა და თბილისში პირველი ქართული რეკლამა გადაიღეს. როგორც კომპანია ”ნატახტარში” აცხადებენ, ვიდეო რეალურ ამბავს ეფუძნება და მისი ნაწილი დღევანდელ სოხუმშია გადაღებული. კომპანიის ინფორმაციით, ისტორია მოგვითხრობს ”იმ ერთი შეხედვით უჩინარ ადამიანებზე, რომლებიც ცდილობენ კედლების ნაცვლად ხიდები აშენონ”.

”წლებია ლუდი ”ნატახტარი” მეგობრობაზე საუბრობს. კონტექსტი მრავალფეროვანია: მხიარულება, თანადგომა და უბრალოდ ერთად ყოფნა, როგორც მეგობრობის განუყოფელი ნაწილი. დადგა დრო და ბრენდმა გადაწყვიტა ესაუბრა მეგობრობაზე სხვა ჭრილში, ისეთ მეგობრობაზე, რომელიც ხელოვნურად აშენებული დაბრკოლებების მიუხედავად არ ეგუება ფიზიკურ სიშორეს და რთულად, მაგრამ მაინც აშენებს ხიდებს… ხიდებს საერთო მოგონებებისგან…დიდი ხანი ვეძებდით ასეთი წმინდა და ჭეშმარიტი მეგობრობის ერთ-ერთ ნათელ მაგალითს. სააგენტო ”ლივინგსტონის” მიერ წარმოდგენილი კონცეფციის შესაბამისად ავირჩიეთ ყველასათვის ნაცნობი თემა, რომელიც თავისი სინამდვილით ზუსტად იმ უსაზღვრო და ყოვლისმომცველ მეგობრობას აღწერს, რომლის გადმოცემაც გვინდოდა.

გადავწყვიტეთ, სწორედ ამ კონტექსტში გვეჩვენებინა ორი ადამიანის ისტორია, რომელებიც უამრავი ხელისშემშლელი ფაქტორის მიუხედავად, ინარჩუნებენ ჭეშმარიტ მეგობრობას. ჩვენ გვჯერა, რომ ადამიანებს გვაქვს სურვილი და შეგვწევს ძალა ვიყოთ ერთგულები, გავარჩიოთ რა არის ცხოვრებაში მთავარი. ამ მთავარმა არ იცის არც საზღვრები და არც დრო… ეს მთავარი რამ არის მეგობრობა… უსაზღვრო მეგობრობა…დიდი მადლობა მინდა გადავუხადო კომპანია Leavingstone-სა და Film Asylum-ის გუნდს, რომელებმაც დაუზოგავად იმუშავეს პროექტზე და შეძლეს უსაზღვრო მეგობრობის ისტორიის ასე შთამბეჭდავად გადმოცემა”, - აღნიშნა ლუდი ”ნატახტარის” ბრენდმენეჯერმა ანა ქარჩავამ.