მეტროპოლიტენის თანამშრომლები ხვალ აღარ გაიფიცებიან

თბილისის მეტროპოლიტენის თანამშრომლები ხვალ არ გაიფიცებიან, - ამის შესახებ პროფკავშირ „ერთობა 2013“-ის წევრმა, მემანქანე ემზარ ბარბაქაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც მეტროპოლიტენის თანამშრომლებმა 8 აპრილის გაფიცვა დააანონსეს, მეტროპოლიტენის ხელმძღვანელებმა სასამართლოს სარჩელით მიმართეს, მიღებული განჩინების მიხედვით კი, მეტროპოლიტენის თანამშრომლებს გაფიცვის უფლება 30 დღით შეეზღუდათ.

”შეტანილი გვქონდა განცხადება, რომ ხვალ დილით სამსახურში აღარ უნდა გავსულიყავით, იწყებოდა გაფიცვა, მაგრამ ხელმძღვანელობამ შეიტანა სასამართლოში სარჩელი და მოვიდა განჩინება, რომ 30 დღით გადაგვივადეს გაფიცვა. მეტრო ჩვეულებრივ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას, თუ ამ 30 დღის განმავლობაში მოლაპარაკებები შედეგს არ გამოიღებს, შესაბამისად ვიმოქმედებთ,”-განაცხადა ემზარ ბარბაქაძემ.

მეტროპოლიტენის მემანქანეები და მეტროში სხავადასხვა პოზიციაზე დასაქმებული ადამიანები წელთა ნამსახურების მიხედვით ანაზღაურებას, ხელფასის მომატებას და ღამის საათების განსხვავებული ტარიფით ანაზღაურებას ითხოვენ.

მათ რამდენიმე დღის წინ დააანონსეს, რომ 8 აპრილს მეტროს პარალიზებას მოახდენდნენ.